„პოსტკოვიდური სინდრომი“ – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რიგი სიმპტომები კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. სტატიაში შევეცადეთ აგვეხსნა, როგორ განმარტავენ დეფინიციას ჯანდაცვის ორგანიზაციები, ძირითადად, რა სიმპტომები ახასიათებს მას, კვლევის რა შედეგებია ცნობილი ამ ეტაპზე, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პოსტკოვიდის მართვაში.
ელენე გაგნიძე სტუდენტია, ავსტრიაში სწავლობს. კორონავირუსი თებერვალში გადაიტანა. მარტიდან კი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა დაეწყო – თავის ტკივილის, თმის ცვენის, სისუსტის შეგრძნებისა და მეხსიერების პრობლემებთან ერთად, მისთვის ყველაზე შემაწუხებელი სუნთქვის გაძნელება გახდა. პირადი ექიმის რჩევით, სიმპტომურად ორ სხვადასხვა პროფილის ექიმთან მოუწია მისვლა, ანტიობიოტიკების კურსიც დაუნიშნეს, მაგრამ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ბოლოს ფილტვების ექიმთან მივიდა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ეს ექიმი ე.წ. ლონგ კოვიდის მიმართულებითაც მუშაობდა.
ექიმს მოუყვა, რომ წარსულშიც ჰქონია მსგავსი პრობლემები, ალერგიული, ასთმური შეტევები და მკურნალობდა კიდეც ამ მიმართულებით. „ყველაზე სუსტი რაც გაქვს, კოვიდი იქ გირტყამსო“, – იხსენებს მაშინდელ ფიქრებს. ავსტრიელმა ექიმმა მას ე.წ. ლონგ კოვიდის დიაგნოზი დაუსვა და დანიშნა სტეროიდებით მკურნალობა. მკურნალობის დაწყებიდან მალევე მისი ჩივილები შემცირდა, მოეხსნა ის, რაც ყოველდღიურად ყველაზე მეტად აწუხებდა – სუნთქვისა და მეხსიერების პრობლემა.
კორონავირუსის გადატანის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემებმა თავი ქეთა ერისთვის შემთხვევაშიც იჩინა. პოსტკოვიდის პერიოდში, ელენეს მსგავსად, მეხსიერების პრობლემებსა და თმის ცვენას ისიც უჩივის. ქეთა გვიყვება, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ მისი ნერვული სისტემაც უფრო მგრძნობიარე გახდა.
„ყნოსვაც არ მაქვს, ძალიან მძაფრი უნდა იყოს სუნი, რომ ვიგრძნო. გემოებიც შემეცვალა თითქოს. მაგალითად, კოკა-კოლას საერთოდ ვეღარ ვსვამ, რადგან საერთოდ სხვა გემო აქვს ახლა“, – ამბობს ქეთა.
გარდა ამ სიმპტომებისა, გამომდინარე თანმხლები დაავადებიდან, მას სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. როგორც ქეთა გვიყვება, ჰქონდა რკინადეფიციტისა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება. კოვიდის გადატანის შემდეგ ჩატარებული ანალიზებით, სხვადასხვა კომპონენტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც ახლო წარსულში გადასხმების კურსის შემდეგ, მოსალოდნელი არ იყო. როგორც ჰემატოლოგის ნათქვამს იხსენებს, ასეთი რადიკალური ვარდნა და დაავადების გამწვავება კოვიდმა გამოიწვია.
რა ამბობს „ლონგ კოვიდზე“ კვლევის შედეგები
„ლონგ კოვიდამდე“ მე ვიყავი ჯანმრთელი, შრომისუნარიანი 26 წლის ახალგაზრდა, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში; დავრბოდი, ველოსიპედს ვატარებდი, ბოქსზე დავდიოდი, ვასწავლიდი იოგას და ვწევდი სიმძიმეებს…“ – წერდა გამოცემა „გარდიანისთვის“ ფიონა ლოუენშტეინი, რომელიც „ლონგ კოვიდის“ კვლევაში იყო ჩართული.
სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წლის ოქტომბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ოფიციალური კვლევის შედეგები და განმარტება, თუ რა არის პოსტკოვიდური მდგომარეობა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კოვიდით დაავადებული ადამიანების უმრავლესობა გამოჯანმრთელებას 2-დან 6 კვირამდე ახერხებს და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, თუმცა მათგან 10-20%-ში ვლინდება კოვიდისგან გამოწვეული სიმპტომები, რამაც კვირების, თვეების განმავლობაში შეიძლება გასტანოს.
პოსტკოვიდს ამ დრომდე არ გააჩნია უნივერსალური განსაზღვრება სიმპტომებისა და დაავადების ხანგრძლივობის შესახებ, რაც დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია. ამიტომ სხვადასხვა ქვეყნის კვლევითმა ინსტიტუტებმა თავიანთი განსაზღვრებები და ტერმინები შეიმუშავეს. მას რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: პოსტკოვიდური მდგომარეობა, გახანგრძლივებული კოვიდი, „ლონგ კოვიდი“.
მცირე განსხვავებით, ზოგიერთი მიდგომა ერთმანეთისგან განარჩევს პოსტკოვიდსა და „ლონგ კოვიდს“, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსი ერთია. „ლონგ კოვიდად“ მოიხსენიება მდგომარეობა, როცა პაციენტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდება, მაგრამ მას უგრძელდება გარკვეული სიმპტომები, ანუ არ ჰქონია ნათელი პერიოდი. რაც შეეხება პოსტკოვიდს, ამ ჯგუფში აერთიანებენ შემთხვევებს, როდესაც კოვიდიდან განკურნების შემდეგ იყო ნათელი პერიოდი, მაგალითად, ერთი თვე პაციენტს არაფერი არ აწუხებდა და ერთი ან ორი თვის მერე დაეწყო სინდრომის სიმპტომები. ჩვენს სტატიაში ეს ორი ტერმინი სინონიმებად არის გამოყენებული.
ამ ეტაპისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გახანგრძლივებული კოვიდის ოფიციალური განმარტება შემდეგნაირია:
„პოსტკოვიდური მდგომარეობა ვლინდება იმ ადამიანებში, ვისაც აქვს SARS CoV-2-ის ინფექციის დადასტურებული ან შესაძლო ისტორია. მას ვირუსის გამოვლენიდან 3 თვის თავზე აქვს სიმპტომები, რაც, სულ მცირე, კიდევ 2 თვეს გრძელდება და სხვა, ალტერნატიული დიაგნოზით არ აიხსნება. „ლონგ კოვიდის“ დიაგნოსტირება ჩვეულებრივ ხდება ინფიცირებიდან 3 თვის შემდეგ“, – ნათქვამია ჯანმოს დასკვნაში.
თუ ადამიანს აქვს პოსტკოვიდური სიმპტომები, ის გადამდები არ არის. სიმპტომებს შეიძლება ჰქონდეს ცვალებადი და რეციდიული ხასიათი.
„ლონგ კოვიდით“ დაავადებამ შესაძლოა, ადამიანის ყოველდღიურ აქტივობაზე იქონიოს დიდი გავლენა, გამოიწვიოს კოგნიტური დისფუნქცია – დაბნეულობა, კონცენტრირების უნარისა და მეხსიერების დაქვეითება და ა.შ.
„ლონგ კოვიდის“ ხშირად გავრცელებული სიმპტომებია:
- დაღლილობა;
- ქოშინი, სუნთქვის გაძნელება;
- მეხსიერების, კონცენტრაციისა და ძილის პრობლემები;
- ხველა;
- ტკივილი გულმკერდში;
- ლაპარაკის გართულება;
- კუნთების ტკივილი;
- გემოსა და ყნოსვის დაკარგვა;
- დეპრესია და შფოთვა;
- ტემპერატურა, სიცხე.
ჯანმო აცხადებს, რომ „ლონგ კოვიდის“ განმავლობაში სიმპტომები შესაძლოა, პერიოდულად შემცირდეს, გაქრეს ან კვლავ უკან დაბრუნდეს.
შეიძლება თუ არა ვაქცინაციამ პაციენტს თავიდან ააცილოს პოსტკოვიდური გართულება? – ჯანმო ამბობს, რომ დღეს არსებული ვაქცინები მიზნად ისახავს ავადმყოფობის გართულებისა და სიკვდილიანობის თავიდან აცილებას, ვაქცინისა და „ლონგ კოვიდის“ ურთიერთმიმართებაზე კითხვები კი ამ ეტაპზე ღიად რჩება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, სხვადასხვა ქვეყანა ადგილობრივ დონეზე მიმართავს კვლევებს პოსტკოვიდურ გართულებებზე, თუმცა, როგორც აღინიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების სიმძიმე საკმარისად დოკუმენტირებული ჯერ კიდევ არ არის.
გაერთიანებული სამეფოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკვლევის პირველადი შედეგებით, კოვიდგადატანილი 10 რესპონდენტიდან დაახლოებით ერთს შეიძლება განუვითარდეს სიმპტომები, ანუ ჰქონდეს „ლონგ კოვიდის“ სიმპტომები 12 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში.
აშშ-სა და შვეიცარიაში წარმოებული კვლევები კი აჩვენებს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანების დაახლოებით მესამედმა ჯანმრთელობის პირვანდელი მდგომარეობა ვერ აღიდგინა კოვიდის დიაგნოსტირებიდან 3-6 კვირის განმავლობაში.
ჯანმოს ცნობით, კიდევ ერთმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდპაციენტების 30%-ს 9 თვის შემდეგაც ჰქონდა განმეორებადი სიმპტომები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ განახლებულ რელიზში წერს, რომ მკვლევრები განაგრძობენ მუშაობას იმ პაციენტებთან, რომლებსაც გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომები აქვთ, რათა დაადგინონ, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი გახანგრძლივებული კოვიდისა და რატომ ვლინდება ის ზოგიერთ პაციენტთან.
როგორც აღინიშნა, სხვადასხვა ქვეყანა აქტიურად მუშაობს „ლონგ კოვიდის“ კვლევაზე. 2021 წლის ივნისში BBC ვრცელი სტატია მოამზადა „ლონგ კოვიდის“ შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ ეტაპზე ქვეყნის მთავრობამ 50 მილიონი ფუნტი-სტერლინგი გამოყო კვლევისთვის; აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIH) კი 470$ მილიონით დააფინანსა კვლევები „ლონგ კოვიდზე“;
ჯანმო აცხადებს, რომ „ლონგ კოვიდის“ შედეგების უკეთ გასაგებად მეტი კვლევა, მრავალწლიანი შესწავლაა საჭირო. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეადგინა პოსტკოვიდური ცნობის ფორმა, მონაცემების სხვადასხვა ქვეყნიდან შესაგროვებლად.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დამატებით გვიხსნის, რომ ძალიან რთულია, დაასახელო სიმპტომი, რომელიც არ გვხვდება კოვიდის შემდგომ პერიოდში. ბევრს ჰგონია, თუ მსუბუქად გადაიტანა კოვიდი, პოსტკოვიდის სინდრომი მას არ ექნება. როგორც ინფექციონისტი ამბობს, უცნაური ის არის, რომ ხშირად სულერთია, მძიმედ გადაიტანს თუ მსუბუქად, შეიძლება უსიმპტომოდაც კი – კოვიდის შემდგომი სინდრომი თანაბრად შეიძლება შეეხოს ყველას. სრულიად მსუბუქად ჩავლილი კოვიდის შემდეგაც კი შეიძლება ძალიან დიდ ხანს აღინიშნებოდეს პოსტკოვიდის სინდრომი – თმის ცვენა, გულმკერდის არეში ზეწოლის შეგრძნება, ქოშინი, დიარეა ან, პირიქით, ყაბზობა. კიდევ ერთი სიმპტომია დაბალი სიცხე – 37-დან 37.5-მდე.
რეკომენდაციები პოსტკოვიდური სიმპტომების მქონე ადამიანებს
როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, აქაც ზოგადი რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესია, – ამბობს ბუწაშვილი. მისი თქმით, ხშირად სინდრომის მქონე ადამიანები შიშობენ, რომ, მაგალითად, ფიზიკური აქტივობა მათთვის არ შეიძლება, არადა, პირიქითაა, თუმცა, რა თქმა უნდა, დაზოგვითი რეჟიმით, თანდათანობით მზარდი ინტენსივობით. მარტივად რომ ვთქვათ, რის საშუალებასაც ორგანიზმი და ენერგია გაძლევთ, იმ მასშტაბით.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, ისევე, როგორც ბევრ სხვა დროს და ყოველთვის. მწვავე კოვიდისა და პოსტკოვიდის პერიოდში არ არის იმის დრო, რომ დაბალკალორიული და კვების შემზღუდავი დიეტები ვაკეთოთ. ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, ხილით და ბოსტნეულით მდიდარი საკვები და არა შიმშილობა. ხანგრძლივი მშიერი პერიოდები რეკომენდებული არ არის“, – ამბობს ბუწაშვილი.
არასაჭირო კვლევა – რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს
ინფექციონისტი ამბობს, რომ პოსტკოვიდის დროს თვითნებური კვლევები მიუღებელია და ამა თუ იმ მიმართულებით გამოკვლევის საჭიროება ექიმმა უნდა შეაფასოს. (მაგალითად, გაუმართლებელია თვითნებურად, მხოლოდ კონტროლის მიზნით, პოსტკოვიდის პერიოდში ფილტვის კომპიუტერული ტომოგრაფია).
მისი განმარტებით, სამედიცინო დახმარებას სიმპტომების დინამიკის გაუარესების შემთხვევაში უნდა მივმართოთ. თუ დინამიკა და ყოველდღე რომელიმე ერთი სიმპტომი უმჯობესდება, მაშინ მშვიდად უნდა დაველოდოთ და ვადამ არ შეგვაშინოს, რადგან ეს შეიძლება თვეები გაგრძელდეს.
მაია ბუწაშვილი ორ სიმპტომს გამოყოფს, რომლის დროსაც, მისი რჩევით, პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება მართებს.
„განსაკუთრებით საყურადღებო სიმპტომი, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია, ეს არის ტკივილი და ზეწოლა გულმკერდის არეში, რადგან კარდიოლოგიური გართულებები არც თუ იშვიათია. თუ აშკარაა ეს სიმპტომები და გამოხატული, მაშინ ოჯახის ექიმს და კარდიოლოგს უნდა მივმართოთ. შესაბამისი გამოკვლევით დავრწმუნდეთ, რომ საქმე არ გვაქვს გართულებებთან. კოვიდის შემდეგ, ზოგჯერ, გულის გარსის ანთება, ე.წ. კარდიტი შეიძლება იყოს ერთ-ერთი გართულება.
კიდევ ერთი საყურადღებო მდგომარეობა – თუ, ვთქვათ, ქოშინი ძლიერდება, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება და უნდა გაირკვეს, რას უკავშირდება ქოშინის მზარდი ინტენსივობა“, – ამბობს ბუწაშვილი.
ინფექციონისტი ასევე გვესაუბრა ყველაზე ხშირ სიმპტომზე, რომელიც ადამიანებს პოსტკოვიდის დროს აწუხებთ – თმის ცვენა, გემოსა და ყნოსვის გაუკუღმართება გარკვეული ხნის განმავლობაში.
ბუწაშვილი ამბობს, რომ ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ არც თუ ისე იშვიათია თმის ცვენა. ეს განსაკუთრებით გამოიხატება კოვიდის დროს და შეიძლება გაგრძელდეს თვეები, თუმცა, მისივე ცნობით, პოზიტიური სიგნალია ის, რომ ეს პროცესი უსასრულოდ არ გრძელდება, რაღაც დროის შემდეგ წყდება და ადამიანი უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
რაც შეეხება ყნოსვასა და გემოს, მისი თქმით, თავიდან ხანმოკლე ვადაზე იყო საუბარი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ ეს მდგომარეობა თვეები გრძელდება.
„აქაც რამე სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ერთადერთი, ვურჩევთ ხოლმე ყნოსვით ვარჯიშებს – რაც ნიშნავს იმას, რომ რისი სუნიც კარგად გვახსოვს, ის დავილაგოთ წინ – დარიჩინი, ყავა, ლიმონი, ანუ მკვეთრის სუნის მქონე, და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დავყნოსოთ, გავიხსენოთ ეს სუნი. ეს მიდგომა ყნოსვის რეცეპტორებს ავარჯიშებს და თანდათანობით შეიძლება დაგვეხმაროს რეაბილიტაციაში“, – ამბობს ის.
ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი სოფო ილურიძე თავიანთი საავადმყოფოს მაგალითზე არსებულ გამოცდილებას გვიზიარებს. ექიმი გვიყვება, რომ გაწერილი პაციენტების დაახლოებით 30-40% მაინც მიმართავს მათ პოსტკოვიდური სინდრომით. მისი თქმით, უმეტესობას ცხელება აწუხებს, რაც, მისი დაკვირვებით, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია.
„ძალიან ბევრი სხვა ჩივილიცაა – ცხელება, შემცივნება, საერთო სისუსტე, დიარეა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კუაგულოპათიები, მენტალური სტატუსის ცვლილება, დაახლოებით 60 ან შეიძლება მეტი ჩივილიც კი ჰქონდეს პოსტკოვიდურ სინდრომს, ვინაიდან კოვიდის დროს ზიანდება არაერთი ორგანო, არაერთი სისტემა და, შესაბამისად, ჩივილიც ბევრია… შეიძლება იყოს თირკმლისმიერი გართულებები, ოფთალმოლოგიური; თმის ცვენაც ძალიან გავრცელებულია და პოსტკოვიდიური დიარეაც“, – ამბობს ილურიძე.
კლინიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, ინფექციონისტი ამბობს იმასაც, რომ ხშირია პოსტკოვიდური ენდოკარდიტი და ვასკულიტი, რომელიც, მათი დაკვირვებით, კოვიდთან არის დაკავშირებული.
„გვყავდა ერთი 70 წლის მამაკაცი, რომელსაც კოვიდის გადატანიდან დაახლოებით 20-21 დღის შემდეგ დაეწყო სხეულზე გამონაყარი. ეს არის ვასკულიტი ანუ სისხლძარღვის ანთება, რომელიც იწვევს სისხლჩაქცევებს სხეულზე. ამ კაცს მთელი სხეული ჰქონდა დაფარული ასეთი გამონაყარით, რომელიც ადეკვატური მკურნალობის ფონზე გაუმჯობესდა“, – ამბობს ის.
რა კეთდება საქართველოში
ზუსტად ერთი წლის წინ, 2021 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტების კვლევა უნდა ჩატარებულიყო. კვლევა 9 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და თავდაპირველად თბილისში 500 მოქალაქე უნდა მოეცვა.
კვლევის კოორდინირება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს უნდა გაეწია. ერთი წლის შემდეგ, სტატიაზე მუშაობის პროცესში „პუბლიკა“ თენგიზ ცერცვაძისგან შეკითხვებზე პასუხების მიღებას შეეცადა – ჩატარდა თუ არა აღნიშნული კვლევა; როგორი იყო მისი შედეგები; რა ტენდენციები გამოიკვეთა და ა.შ. გარდა ამისა, ცერცვაძესთან შეკითხვები გვქონდა, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელთანაც. ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მან „პუბლიკასთან“ საუბარი არ ისურვა. პოსტკოვიდური სინდრომის პაციენტების კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია არც მედიაში გავრცელებულა.
ჩვენს გამოცემასთან მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ის ამბობს, რომ პოსტკოვიდის სინდრომზე საქართველოს გაიდლაინი შემუშავებული აქვს, რომელიც არის მეტად სისტემური და ნაკლებად ითვალისწინებს კოვიდთან დაკავშირებულ სპეციფიკურ გართულებებს.
„შესაძლოა, ნებისმიერი სახით გამოვლინდეს რაიმე დარღვევა კოვიდის გადატანის შემდეგ. ამდენად, აქ მთავარია, პირმა დროულად მიმართოს იმ სპეციალისტს, ვინც მას სჭირდება შესაბამისი მიმართულებით. სხვა მეტად სპეციფიკური მკურნალობა დღეს რეკომენდებული საიმისოდ, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში ადამიანმა მიმართოს, არ არსებობს. მთავარია ყურადღება და, ზოგადად, გამოკვლევა, თუ რაიმე დარღვევა გამოვლინდა.
ასევე, მოქმედებს რეაბილიტაციის პროგრამა – აბასთუმნის ფილტვის ცენტრი არის ორიენტირებული იმაზე, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში პაციენტებს შევთავაზოთ რეაბილიტაცია“, – ამბობს გაბუნია.