ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელი ლაშა ბაქრაძე და მისი მოადგილე თეა თვალავაძე კულტურის სამინისტროში მივიდნენ.
ბაქრაძის ინფორმაციით, აუდიტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თეა თვალავაძე დაიბარეს. მისივე თქმით, შეხვედრაზე თავად არ მიიწვიეს, მიუხედავად იმისა, რომ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს.
ლაშა ბაქრაძე იყო ელენე დარიანის კრებულის შემდგენელი, თეა თვალავაძე კი – წიგნის რედაქტორი.
სამინისტროში სწორედ მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე დარიანის იმ კრებულს განიხილავენ, რომელშიც დაშვებული შეცდომების გამო სამინისტრომ განაცხადა, რომ მუზეუმის დირექტორთან „სამინისტრო გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას“.
„უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვნახოთ რა იქნება. სიტუაცია, მართლაც, ძალიან უსიამოვნო არის და ძალიან დამძაბველი. […] როგორც ჩანს, სამინისტროს უნდა, რომ მეტი კონტროლი ჰქონდეს მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ-ებზე და ეს ცხადია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყველაფერი მოგვარებადია და ძალიან საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვის, რომ მთელი ეს განხილვა მოხდეს საჯაროდ, ისე, რომ ყველას ჰქონდეს პირველი ხელიდან ინფორმაცია და არა შემდგომში გადამღერებული, სხვადასხვა ინტერპრეტაციით“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ შეხვედრის წინ.
ლაშა ბაქრაძემ გუშინ, 23 იანვარს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შესთავაზა, რომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მასთან განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის თანდასწრებით. ამ დროისთვის უცნობია, მიიღებს თუ არა წულუკიანი მუზეუმის დირექტორის შეთავაზებას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „ელენე ბაქრაძე – დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი გაითხოვა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კი შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.
ბოლო მონაცემებით, წიგნის ხელახლა გამოსაცემად 31 564 ლარი შეგროვდა.