„სკოლებში დასაქმებული პირების პოლიტიზება და მათი გამოყენება საარჩევნო/პოლიტიკურ პროცესებში აქტუალური საკითხია და არც მისი მასშტაბები შემცირებულა“ – ვკითხულობთ კვლევაში, სადაც აღწერილია პოლიტიზების ინსტრუმენტები და ბერკეტები, რომლებსაც იყენებს როგორც შიდა სასკოლო სისტემა, ასევე, ცენტრალური ხელისუფლება. კვლევის ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
„ხშირი იყო ირიბი დაშინების ფორმები, ე.წ. შეთვლის შემთხვევები. პირდაპირ დაშინებას ყველა გაურბის. ირიბი დაშინება ყველაზე მოხერხებული ფორმაა, რადგან რთულია იმის იდენტიფიცირება, კონკრეტულად ვინ ვის რა უთხრა. თუმცა ყველამ ვიცით, რომ რაღაც მსგავსი იყო“ , – გვიყვება პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და კახეთის რეგიონის კოორდინატორი, გიორგი პაპაშვილი.
პაპაშვილთან ერთად პროექტის ფარგლებში კახეთის სხვადასხვა რაიონულ ცენტრში 11 ადამიანი მუშაობს. ისინი ნდობის ჯგუფის წევრები არიან და მათი ძირითადი მიზანი სკოლებში პოლიტიკური ზეწოლის, იძულებისა თუ სხვა შესაბამისი უკანონო ქმედებების იდენტიფიცირება და მათზე ინფორმაციის შეგროვებაა.
გიორგი პაპაშვილი გვიხსნის, რომ პროექტში რეგიონებიდან ადგილობრივი თემიდან ადამიანების ჩართვამ და მათი მეშვეობით სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციის მოდელმა გაამართლა, რადგან თბილისიდან ჩასულ ექსპერტებს ხშირად უფრო უჭირთ რეგიონებში დასაქმებული პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლების ნდობის მოპოვება.
„კახეთის კოორდინატორი ვარ. კახეთში მყავდა 11 წარმომადგენელი, ისინი კახეთის სხვადასხვა რეგიონში ნდობის ჯგუფის წევრები არიან. ამ მიდგომამ იმუშავა, რადგან რთულია თბილისიდან ჩავიდეს ადამიანი და ერთი შეხვედრით კონკრეტულ განაპირა რეგიონში მოიპოვოს ნდობა.“, – ამბობს პაპაშვილი.
პროექტის ავტორთა თქმით, ასეთი მოდელი სწორედ იმიტომ გამოიყენეს, რომ წინა წლებში განხორციელებულმა პროექტებმა აჩვენა, რომ შიშისა და უნდობლობის გამო ადგილობრივ დონეზე საჯარო სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს უჭირთ პოლიტიკური დევნის შესახებ საუბარი დედაქალაქიდან ჩასულ მკვლევრებთან თუ უფლებადამცველებთან. სწორედ ამის საპასუხოდ დაიგეგმა და განხორციელდა ეს პროექტი – „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა ათი რეგიონული ნდობის ჯგუფი და კვლევა რეგიონული ჯგუფების მიერ შეგროვილი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე შეიქმნა.
ნდობის ჯგუფებმა განიხილეს 44 სავარაუდო ფაქტი და ინფორმაცია არამართლზომიერი პოლიტიკური ხასიათის ჩარევების შესახებ.
კვლევის მიხედვით, ხშირად მასწავლებლები არ საუბრობენ და დუმან მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციისა და იძულების შესახებ, თუმცა ქსელის ფორმატში არაფორმალური შეხვედრებისას, კონფიდენციალურობის დაცვით, შესაძლებელი გახდა არსებულ ფაქტებზე მსჯელობა.
პირები, რომლებიც ნდობის ჯგუფის წევრებს ინფორმაციას უზიარებდნენ, ანონიმურად დარჩენას ამჯობინებდნენ.
რა გამოიკვეთა
შეგროვილი ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ:
- განათლების სისტემაში პოლიტიზების ინსტრუმენტების გამოყენება სისტემური პრობლემაა. იგი არ არის ფრაგმენტული და არსებული პრაქტიკის ანალიზით ჩანს, რომ წლებია, მეორდება, მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტსა და საჯარო სკოლას;
- განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანები (საჯარო სკოლის მასწავლებლები, დირექტორები და სხვა თანამშრომლები) თვითცენზურას მიმართავენ.
რა ინსტრუმენტების გამოყენება ხდება
დაშინება, მუქარა, იძულება, ძალადობა, სკოლის დირექტორების „კეთილი რჩევები“ და საგაკვეთილო საათების ჩამორთმევა – ეს იმ ინსტრუმენტების ჩამონათვალია, რომლებსაც სკოლებში დასაქმებულთა წინააღმდეგ იყენებენ.
კვლევის მიხედვით, ზეწოლის შემთხვევები ძირითადად იკვეთება მმართველი პარტიის კოორდინატორების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, რესურსცენტრის თანამშრომლებისა და დირექტორების მხრიდან.
მრავალფეროვანია ზეწოლის ფორმები – პირდაპირი და ირიბი, ფსიქოლოგიური ზეწოლა, დაშინება, მუქარა, შანტაჟი, იძულება – გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღებია/დაკარგვა, მათი და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, თანამდებობრივი სტატუსის შეცვლა, წახალისება ან დაქვეითება, რაც პირდაპირ აისახება მათ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
„მავნე პრაქტიკად იქცა საჯარო სკოლების დირექტორების მხრიდან, ე.წ. „კეთილი რჩევების“ მიცემა (განსაკუთრებით ეთნიკურ უმცირესობებში) მასწავლებლებისა და სკოლაში დასაქმებული სხვა პირებისთვის. ეს „კეთილი რჩევები“ ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმას იძენს.
მესიჯი – მათთვის „პრობლემების“ შექმნას უკავშირდება და ხშირად ურჩევენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ „პრობლემები“ არ შეექმნებათ, თუ მმართველ პარტიას დაუჭერენ მხარს. მინიშნება მასწავლებლებისთვის − თუ ხელისუფლება შეიცვლება, არავინ იცის, რა მოუვა მათ სამსახურს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მასწავლებლების მხრიდან სამოქალაქო თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ დაფიქსირების გამო, დირექტორები, ხშირ შემთხვევაში, დასჯის ბერკეტად საათების განაწილების მექანიზმს იყენებენ.
ძირითადად სკოლის დირექტორები იღებენ მითითებებს, რომელთა უსიტყვოდ შესრულება უწევთ თანამდებობის შენარჩუნების ან დამატებითი პირადი სარგებლის მიღების მიზნით. ანალოგიური დამოკიდებულებაა სკოლაში დასაქმებულ სხვა თანამშრომლებთან მიმართებაშიც, რომლებიც სამსახურის დაკარგვის ან დაკარგვის მუქარის შემთხვევაშიც კი, პოლიტიკური გავლენით გამოწვეული შიშის გამო, ხმამაღლა ვერ/არ საუბრობენ პრობლემებზე“, – ვკითხულობთ კვლევაში.
„როდესაც ნდობის ჯგუფები ადგილზე ეკითხებოდნენ მასწავლებლებს, გამოჩნდა, რომ ხდება საგაკვეთილო საათებით მანიპულირება. დირექტორი ხშირად სადამსჯელო ბერკეტად ამ მექანიზმს იყენებს და პერმანენტულად გადახედავს ხოლმე კონკრეტული მასწავლებლებისთვის მიცემული საათების რაოდენობას და მორჩილს უფრო მეტ საათს აძლევს. თუ მასწავლებელი საჯაროდ გამოხატავს პოზიციას და უკმაყოფილებას, ამ შემთხვევაში იყენებს ბერკეტად“, – ამბობს ირმა პავლიშვილის, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
კვლევაში წერია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული პირები პოლიტიკური წნეხის გამო თავს იკავებენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის დაფიქსირებისგან.
იძულებით ერთვებიან საარჩევნო აქტივობებში და საჯაროდ ვერ გამოხატავენ სოლიდარობას იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც სისტემის მსხვერპლი სწორედ განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდნენ.
რა არის გამოსავალი
კვლევის ავტორთა შეფასებით, აღნიშნული სისტემური პრობლემების დაძლევა მხოლოდ საკითხის საჯაროდ განხილვისა და ფართო საზოგადოების დაკვეთით არის შესაძლებელი.
ნდობის ჯგუფების საქმიანობის შედეგად, ფაქტობრივად, ადგილობრივ დონეზე საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივ ქსელს, რომელიც ცნობიერების ასამაღლებლად სასკოლო საზოგადოებაში მუშაობას აგრძელებს.
კვლევის ავტორთა შეფასებით, „ქსელის საქმიანობის ანალიზით ჩანს, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო განათლების სისტემაში დასაქმებული ადამიანების დასარწმუნებლად, რომ საჯაროობა ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა და, რომ თამამად შეეწინააღმდეგონ მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, გათავისუფლდნენ თვითცენზურისგან და საჯაროდ ისაუბრონ არსებულ გამოწვევებზე”, – ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევაში დეტალურად არის საუბარი რეგიონული ნდობის ჯგუფების საქმიანობის სპეციფიკაზე, აგრეთვე, დაბრკოლებებსა და განვითარების სამომავლო ორიენტირებზე.
რეკომენდაციები:
ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს პოლიტიზების ინსტრუმენტების ნეგატიური გავლენის შემცირებას და ერთიანობაში მნიშვნელოვანი იქნება სისტემური პრობლემების მოგვარების საქმეში.
კერძოდ: რეკომენდაციების ადრესატია სახელმწიფო, განათლების სამინისტრო, საჯარო სკოლის დირექტორები, პოლიტიკური პარტიები და ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
კვლევის ავტორები, განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, შეიმუშაონ საჯარო სკოლების დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელთა შერჩევის კრიტერიუმები; გადახედონ განათლების მინისტრის ბრძანებით დადგენილი შიდა აუდიტის მექანიზმს, იმგვარად, რომ იგი არ იქცეს სადამსჯელო ინსტრუმენტად საჯარო სკოლის დირექტორებისთვის მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო.
საჯარო სკოლის დირექტორებს მოუწოდებენ, დაიცვან სკოლებში დასაქმებულთა უფლებები და თავი შეიკავონ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისგან და დაიცვან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები.
კვლევის ავტორები მოუწოდებენ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ხელი შეუწყონ საჯარო სკოლის თანამშრომელთა ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების განხორციელებას; ადგილობრივ დონეზე – ნდობის ჯგუფებისა და ქსელის გაძლიერებას, რომელიც მუშაობს განათლების სისტემაში არსებული პრობლემური საკითხების ღიაობასა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენაზე. ეს კი ერთიანობაში ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების კონტროლის მექანიზმებისა და ზედამხედველობის პრაქტიკის გაძლიერებას.
კვლევა მომზადებულია განათლების კოალიციისა (EFA) და ღია სივრცე კავკასიის (COS) ერთობლივი პროექტის − „რეგიონული ნდობის ჯგუფები განათლების დეპოლიტიზებისთვის“ − ფარგლებში ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით.