„ორნი იყვნენ, შემიყვანეს კაბინეტში და მცემესო“ – ნაცემი არასრულწლოვნის მამა

პუბლიკა

თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში პოლიციის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი ბიჭის მამა „TV პირველთან“ შვილის ნაამბობს ჰყვება:

„კიბეებზე რომ ჩავედი, დამიჭირეს. ხელები გადამიტრიალეს. ორნი იყვნენ, შემიყვანეს კაბინეტში და მცემესო. რომ მცემეს, მერე გამიშვესო. რის გამო? არაფრის გამო და შემდეგ გამიშვესო.

…აბა, მაგისთანა რამე როგორ შეიძლება? ეგ არაადამიანობაა. ბავშვის, ყრუ-მუნჯის ცემა?“, – ჰყვება მამა.

როგორც ბიჭის მონაყოლიდან ირკვევა, ადგილზე 6 მეგობარი იყო.

„ამას მარტო შეეძლო ეყვირა თავის ენაზე. შეიძლება, შეეშინდა რომ სცემეს, ქვა უნდა მესროლაო“, – ამბობს მამა.

ნაცემი არასრულწლოვნის მეგობრის მონაყოლიდან კი ვიგებთ, რომ დაზარალებული მეტროს ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, რამაც პოლიციელის გაღიზიანება გამოიწვია.

„ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადაც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ”. – ამბობს ის „მთავარ არხთან“ ინტერვიუში.


24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება.

„ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები.

„ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.