სმენადაქვეითებულმა მოქალაქეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

პუბლიკა

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან სმენადაქვეითებულმა პირებმა აქცია გამართეს.

მათ მიიტანეს პლაკატები წარწერებით – „არა ძალადობას“, „შეწყდეს ყრუების დისკრიმინაცია“, „გველაპარაკეთ ჟესტურ ენაზე“ – და პოლიციელის მხრიდან შშმ პირზე ძალადობა გააპროტესტეს.

„ძალიან გაბრაზებული ვარ. ვნახე ვიდეო, როგორ შეიძლება? არ შეიძლება! პატარა ბავშვი, 17 წლის არის ეს ბიჭი. ვერ ლაპარაკობს, პოლიციას ვერ უთხრა, რომ სურდა თარჯიმნის მომსახურება.

არა ძალადობას! არა დუმილს! გული მეტკინა. როგორ შეიძლება? რა ვქნათ?“, – განუცხადა „ფორუმლას“ აქციის მონაწილემ, თათია დათაშვილმა.

24 იანვარს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ჩანს, რომ სამართალდამცავი ახალგაზრდა კაცს ერთ-ერთ მეტროსადგურში ფიზიკურად უსწორდება. „ხელი გაუშვით, ყრუ-მუნჯია“, – ეუბნებიან პოლიციელს კაცის თანმხლები პირები. „ყრუ-მუნჯია? რომ ავალაპარაკო ახლა?“ – ისმის პოლიციელის რეპლიკა. მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი დააკავეს.