ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიმართვას ავრცელებს. „პუბლიკა” მიმართვიდან 15 ციტატას გთავაზობთ. სრული ტექსტს იხილეთ ბმულზე.
1 – „ქართველები და ამერიკელები ბუნებით მეგობრები ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო: თავისუფლების, ოჯახის, რწმენის, სხვების წარმატების დახმარების სიყვარული და, ასევე, მრავალფეროვნებისა და განსხვავებულობის დაფასება და პატივისცემა”.
2 – „ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობა წარმოდგენელია ისეთი ადამიანებით, როგორიცაა ამერიკელი ასტროფიზიკოსი კარლ საგანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ქართული სიმღერა „ჩაკრულო“ კაცობრიობის მიღწევების ნატიფ მრავალფეროვნებას განასახიერებს”.
3 – „ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ბევრად უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. სწორედ ამიტომაა, რომ ქართველ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. შეერთებულ შტატებს აღელვებს საქართველოს პროგრესი, რადგან ჩვენ ვზრუნავთ ქართველ ხალხზე და გვჯერა, რომ ქართველები იმსახურებენ თავიანთ მიზნების განხორციელებას და ტრანს-ატლანტიკური ოჯახის სრულფასოვან წევრობას”.
4 – „ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიაში ცხოვრების სურვილს, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცულია. ეს არის ღირებულებები თამარ მეფისა და მისი კრებების, სულხან საბა-ორბელიანის, რომელიც თავისი დიპლომატიური უნარის გამოყენებით ესწრაფოდა საქართველოს ევროპულ მომავალს, ილია ჭავჭავაძის, რომელმაც თავისი პროგრესული რეფორმებით ერის მამის სახელი დაიმკვიდრა და სხვა მრავალი დიდი ქართველისა, რომელთაც ესმოდათ, რომ ინსტიტუტების განვითარება ამ ღირებულებების გამოხატვისა და დაცვისთვის თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ადამიანური ღირსების გასაღებია”.
5 – „ილია ჭავჭავძემ ცხადყო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სრულად თავსებადია საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პატივისცემასთან და რომ ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები უკეთ იცავენ თავისუფლებას, ვიდრე ძლიერი პიროვნული თვისებების მქონე ხისტი აზროვნების ლიდერები. ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვმა უარი თქვა საქართველოს დამოუკიდებლობის არჩევანზე და მოგვიანებით შეიჭრა საქართველოში, თუმცა ქართველ ხალხს ეს არ დავიწყებია”.
6 – „მაშინაც კი, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავისი აგრესიული ქმედებებით ემუქრება ევროპის 75-წლიან უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, საქართველო რჩება ურყევი ამ ღირებულებებისა და NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგულების მიმართ. ეს მტკიცე გადაწყვეტილება განაპირობებს იმას, რომ შეერთებული შტატები დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს მათ, ვინც იცავს ჩვენს საერთო ღირებულებებს, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და მოწინააღმდეგეების მიუხედავად, რომლებიც იძულებითა და აგრესიით ცდილობენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შელახვას”.
7 – „საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები გვაქცევს ბუნებრივ პარტნიორებად”.
8 – „საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა, მათ შორის მეფე დავითის დროსაც, მეზობლებთან ამ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ”.
9 – „მომდევნო 30 და მისი შემდგომი წლების ჩვენეული ხედვა ოპტიმისტურია, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობას, ძლიერ, ჯანსაღ დემოკრატიასა და კეთილდღეობას რეგიონში, თუმცა ის დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომლებიც დღეს საჭიროებს გადაჭრას… საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და მმართველობითი ინსტიტუტები კვლავ არ არის საკმარისად განვითარებული და ვერ პასუხობს დემოკრატიულ იდეალებს, რასაც კიდევ უფრო აფერხებს უაღრესად ტენდენციური და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო”.
10 – „როგორც ბოლო დროს ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები საუკეთესო დაცვაა ავტოკრატიული ტენდენციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად”.
11 – „საქართველოს ისტორია აჩვენებს, რომ ეს არაშორსმჭვრეტელი ტენდენციები წარმოუდგენლად საშიშია და საფრთხის ქვეშ აყენებს ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს. როგორც ჩანს, ავტოკრატიულ კრემლს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გამოიყენოს თავისი ძალაუფლების ფართო სპექტრი დაბნეულობის გასაღვივებლად და განხეთქილების გასაღრმავებლად, რაც საქართველოს სუვერენიტეტის, ერთიანობისა და სტაბილურობის შელახვას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველო თავისი ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას ებრძვის, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ერთიანობა და სიმტკიცე გარე მტრების წინააღმდეგ”.
12 – „…ამ გამოწვევას საქართველო კარგად იცნობს, რომლის წინაშეც საუკუნეების მანძილზე არაერთხელ მდგარა – ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს”.
13 – „რუსეთმა ცხადად აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები. ეს არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თავს უყრის ჯარებს მეზობლის საზღვარზე. სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა. რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ”.
14 – „ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი. განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, არის მოწოდებები კიდევ ბევრისკენ, რათა შენარჩუნდეს მუხტი საქართველოს უნიკალური კულტურის, რწმენისა და ტრადიციების მყარ საძირკველზე თანამედროვე, აყვავებული, ინკლუზიური ქვეყნის მშენებლობისთვის”.
15 – „საქართველოს წარმატება, როგორც აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიისა, ჩვენს ორივე ქვეყანას აძლიერებს”.