ბოლო ორი დღის განმავლობაში ჯანდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა მხრიდან რამდენიმე განცხადება გაკეთდა ე.წ. მწვანე ბაზაში პირების აღრიცხვასთან დაკავშირებით. განმარტებისა და დამატებითი კომენტარების შემდეგ გაირკვა, რომ საუბარია ორ სხვადასხვა საკითხზე:
1) 1 დეკემბრამდე დადებითი სტატუსის მქონე პირებს, რომლებიც ბაზაში ვერ მოხვდნენ;
2) პირებს, ვისაც აქვს კოვიდი, მაგრამ არ ჩაუტარებიათ ტესტი;
პირველ საკითხზე მედიასთან გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. ამავე საკითხზე განცხადება გაავრცელა NCDC-მაც და გავიგეთ, რომ კოვიდგადატანილის სტატუსი, შესაბამისად, „მწვანე პასპორტი“ იმ პირებს მიენიჭებათ, ვისაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი 1 დეკემბრამდე დაუდასტურდათ, თუმცა, რიგი მიზეზების გამო, სისტემაში მათი პასუხი არ ასახულა.
ბრძანების მიხედვით, აღნიშნული პირები კოვიდგადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“;
ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და/ან სასტუმროში;
გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის/დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, „112-ის“ ელექტრონულ ბაზაში;
ცენტრის განმარტებით, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად, დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, შესაბამისი სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას.
რაც შეეხემა მეორე საკითხს, ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის დღევანდელი განცხადებიდან გახდა ცნობილი, რომ უწყებაში მუშაობენ და გინიხილავენ სხვადასხვა მექანიზმს, თუ შეეძლებათ „მწვანე პასპორტის“ მიღება იმ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ კოვიდი, მაგრამ არ ჩაუტარებიათ ტესტი. მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება გასაჯაროვდება.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პირმა იცის, რომ კოვიდი აქვს, მაგრამ ლაბორატორიაში არ მიდის იმიტომ, რომ რიგი აიცილოს თავიდან, აისახება თუ არა ბაზაში? ან ამ შემთხვევაში როგორ დგინდება, რომ პირს კოვიდი აქვს?
მინისტრი პასუხობს:
„არის სხვადასხვა მექანიზმი, რომელზეც ვმუშაობთ. როგორ შეიძლება მოხვდნენ ისინი „მწვანე პასპორტის“ ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი და აიღოს „მწვანე პასპორტი“. არის სხვადასხვა მექანიზმი, რასაც განვიხილავთ და მოგვიანებით შეგატყობინებთ. შეიძლება, ანტისხეულების ანალიზი იყოს, ექიმის დადასტურება ან გადამოწმება“.