ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, „მწვანე პასპორტის“ გაცემა მათზე, ვინც კორონავირუსი წარსულში ნებისმიერ დროს გადაიტანა, მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობამ განაპირობა და ანგარიში გაუწიეს „სხვადასხვა ძალას“.
„ეს იმით იყო განპირობებული, რომ მთავრობაშიც ადამიანები არიან და სხვადასხვა მოსაზრების. ანგარიშს უწევენ სხვადასხვა ძალას“, – თქვა ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ხოლო ჟურნალისტის შეკითხვაზე, თავად ეთანხმებოდა თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებას, ცერცვაძემ განაცხადა, რომ ის სხვაგვარად მოიქცეოდა.
„ვინც ეს დაუშვა და მიიღო გადაწყვეტილება, მათი შეხედულებით სწორი იყო. ჩემი შეხედულებით, არ იყო სწორი. ჩემი შეხედულებით, მე მივცემდი მხოლოდ მათ, ვისაც გადატანილი აქვს ბოლო 6 თვეში. რამეთუ 6 თვის შემდეგ დიდია ალბათობა, იმუნიტეტი არ მუშაობდეს.
მაგრამ ასე ნუ განვსჯით. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ „მწვანე პასპორტი“ არ არის რაღაც 100%-იანი გადამწყვეტი დოკუმენტი. იქ რა პირობა ჩაიდება, 6 თვე, სამუდამო, 2 აცრა თუ 3… თავიდან მაინც ამ დეტალებზე მახვილდებოდა ყურადღება.
ახლა როგორ არის, იცით? „მწვანე პასპორტი“ განიხილება, როგორც ინსტრუმენტი ვაქცინაციის წასახალისებლად…
მე ისევ გეუბნებით – მე განსხვავებული აზრი მაქვს. იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სხვა აზრი აქვთ. ეჭვი მაქვს, რომ ამით ადამიანების უკმაყოფილობა შეარბილეს. ადამიანების ნაკლები რაოდენობა დარჩა უკმაყოფილო“, – თქვა თენგიზ ცერცვაძემ.