ცხარე „ტელეფას ცხვარი“

თუკი დებიუტის ნომინაციაში რომანს რამდენიმე დამატებითი ფაქტორი „ეხმარება“ იმისათვის, რომ გამოარჩიონ და დაინახონ, ან უფრო სწორად, ტექსტის ზოგ ნაკლს „თვალი მოუხუჭონ“, მაგალითად, პრინციპულად სწორად აეგებული კომპოზიცია, დიალოგების ხელოვნება,  ბოლოს და ბოლოს, ნაწარმოების მოცულობა, პოეზია დებიუტში ძალიან ძნელად იკვალავს გზას და უფრო მეტი კონკურენციის გავლა უწევს, რადგან აქ მკითხველიცა და ჟიურიც ზოგადად უფრო მომთხოვნია და დებიუტანტ პოეტს გაცილებით უშეღავათო და მკაცრ წინაპირობებს უყენებს. 

ობიექტურადაც ძალიან ძნელია ახალგაზრდა პოეტმა ოსტატობის ისეთ დონეს მიაღწიოს ან ისეთი ორიგინალური სათქმელით მოვიდეს, რომ ძალიან დიდი ტრადიციისა და უაღრსად მრავალფეროვანი თანამედროვე ტენდენციების პირობებში გამოცდილ კრიტიკოსებსა და ლიტერატორებს თავი უპირობოდ მოაწონოს. 

ამისათვის სხვა არალიტერატურული თუ ლიტერატურის თანამდევი ხერხებიც არსებობს და ზოგი ავტორი ამ ხერხებს პიარისათვის ოსტატურად იყენებს. მაგალითად, გამომცემლობის მხარდაჭერა, რაც სადებიუტო წიგნებისათვის უკვე ცნობილი პოეტების წინათქმა – წარდგინებებითა თუ პრეზენტაციაზე წარმოთქმული სიტყვებით გამოიხატება, სოციალურ ქსელებში საკუთარი ნაღვაწის მარჯვედ დატრიალება და ბოლოს და ბოლოს, საკუთარი პოეტური ლეგენდების შექმნა, რაც ზოგ ავტორს ლექსების წერაზე არანაკლები წარმატებით გამოსდის. 

ვფიქრობ, ირინა ტაბაღუას შემთხვევაში ყველა ამ ფაქტორმა ეფექტიანად იმუშავა, მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად, რა თქმა უნდა, უმთავრესია მისი შემოქმედებითი და პოეტური ნიჭი, რომელმაც შედეგად მოგვცა ბევრი ასპექტით ორიგინალური და საინტერესო პოეტური კრებული “ტელეფას ცხვარი“. 

სათაურიდანვე, ვფიქრობ, შეფარვით არის გამოხატული კრებულის ზოგადი კონცეფცია. სიტყვათშეთანხმება „ტელეფას ცხვარი“ ისე ჟღერს, რომ ვინმეს, მათ შორის, გამოცდილ ლიტერატორსაც კი თავიდან შესაძლოა ბერძნული მითოლოგიიდან წამოღებული რომელიმე სახე-სიმბოლო ეგონოს და საკუთარ წარმოსახვას ამ მითოლოგიის სხვადასხვა დანაშრევის გახსენება აიძულოს. 

სინამდვილეში საქმე გაცილებით მარტივად და შინაურულადაა. ტელეფა იმერეთის ერთ-ერთი სოფლის სახელი ყოფილა, რომლის ცხვარიც თურმე განთქმულია თავისი სანაქებო თვისებებით. 

ამის გააზრება საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ირინა ტაბაღუა სათაურიდანვე გამიზნულად ეთამაშება მკითხველს და ცდილობს,  მისი წინასწარგანწყობებით მანიპულაცირების მეშვეობით, ჯერ ააგოს თავისი პოეტური სამფლობელო და მერე იქვე გააცამტვეროს თუ დაამიწოს. 

ამით კი მთავარი შეტყობინება, კრებულის ძირითადი კრედოც გამოგვიცხადოს: 

დიდი ადამიანური ვნებებისათვის აუცილებელი არ არის მითოლოგიური ანტურაჟი და ადგილ-სამყოფელი. მათი გაფურჩქვნისთვის სრულიად საკმარისია იმერეთის რომელიმე სოფელი – ტელეფა, ისევე, როგორც პოეზიას მაინცდამაინც თბილისში არ სჭირდება სასათბურე პირობები და მის აღმოსაცენებლად შესაძლებელია უფრო ხელსაყრელი გარემო იყოს, ვთქვათ, სულაც ზესტაფონში. 

სხვათა შორის, წლევანდელი „საბას“ ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიშანი დედაქალაქიდან პერიფერიებისაკენ გეოგრაფიული გარღვევაც იყო. ვგულისხმობ იმას, რომ წლევანდელი პრემია მხოლოდ თბილისში არ „ჩაკეტილა“ და ზოგი „საბა“ – თელავში, ზოგი – ბათუმში და ზოგიც – სწორედ ზესტაფონში, ირინა ტაბაღუასთან ჩავიდა. 

თუ ეს წინასწარგამიზნული ჟესტი არ ყოფილა (და როგორც ყველაფრიდან ჩანდა, ნამდვილად არ ყოფილა), მაშინ იგი ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო სინამდვილეზე მიგვითითებს: რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა არამხოლოდ თბილისში იქმნება, არამედ ყველგან, სადაც ქართულითა ენითა ლიტერატურული ჟამი შეიწირვის…

ეს სიტუაციამ გამახსენა, თორემ თუ რამეს არ ჰგავს ირინა ტაბაღუას ლექსები ქართულ ჰაგიოგრაფიასა და სიძველეებს, უფრო სწორად, აქ ამ ლექსებში შუშანიკის შეუპოვრობა სრულიად თანამედროვე და ეპოქისათვის ადეკვატური ენით არის გადმოცემული. ავტორი მზად არის  თითქმის ყველა ლექსში ქართული პოეზიის „ივლისისფერი ყინვის თასები“  ქალურად მოქნეული ალიყურით პოეტურად მომღიმარ პირებზე შეგვალეწოს. ეს მისი თავგანწირვაა და მერე რა თუკი ამ თავგანწირვაში ხანდახან ჰგონია, რომ პირველია: მანამდე არც ლია სტურუა ყოფილა და არც იზა ორჯონიკიძე, არც ნაზი კილასონია თუ მანანა ჩიტიშვილი. 

კაცმა რომ თქვას, ნებისმიერ სიმამაცე, მითუფრო, ლიტერატურული სიმამაცე, ყოველთვის პირველია, განუმეორებელი და შეუცვლელი და ირინა ტაბაღუას ეს კრებულიც თუნდაც სწორედ ამ სიმამაცისთვისაც არის დასაფასებელი. 

იმასაც არა უშავს, თუ ერ ხანდახან ფრაზა გაექცევა და სითამამე ზოგჯერ პროვინციულ ვულგარულობაში გადასდის. 

მთლიანობაში, აქაც მაინც სიამოვნებით გავიმეორებ იმ აზრს, რაც თავის დროზე დასაბეჭდად გამზადებულ ‘ტელეფას ცხვარს“ წინათქმად წავუმძღვარე: 

ლექსის წერა ჩვენს დროში საერთოდაც ჰგავს ალესილი სამართებლის პირზე სიარულს: იმდენი სიფაქიზე და ისეთი შინაგანი წონასწორობა სჭირდება იმ განცდების მკითხველამდე სწორად მიტანას, რაც განუწყვეტლივ თუხთუხებს კაცის გულში, რომ ძალიან ხშირად პოეტები სწორედ აქ მარცხდებიან, ამ ორი რამისმხურვალე განცდებისა და მათი გამოხატვის ფორმათა დაბალანსებაში.

საკვირველია, რომ ირინე ტაბაღუა თავისი შესანიშნავი პირველი წიგნით ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ამ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ იმ ბალანსს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში.

მოკლედ, ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ ამ კრებულში ირინა ტაბაღუა გაცხარებული ცხვრის იპოსტასით უფრო გვევლინება. ის დაუფარავად, ზოგჯერ მართლა ადამიანური რეპუტაციის რისკის ფასადაც კი ამხელს თავის შიგნით და გარშემომყოფ საზოგადოებაში ჩაბუდებულ დემონებს და ამ საზოგადოებას ეუბნება, რომ პოეზია ქმნის ახალ მითოსს, შეიძლება, გაცილებით უფრო საშიშსა და სარისკოს, ვიდრე ეს თუნდაც ბერძნული მითოლოგიაა.

რადგან ადამიანისათვის არ არსებობს იმაზე უფრო ნაცნობი და ამავდროულად იმაზე ეფემერული მიჯნა, ვიდრე ეს არის „ახლოს“ – ფსიქიკასა, სხეულსა თუ სულში. მთავარი ამ მიჯნების მორღვევაა, ამ საკუთარი მიჯნების გამანძილებაა, რასაც ადამიანი პოეზიის მეშვეობით ახერხებს, თორემ ისე, ზესტაფონიცა და ტელეფაც ისეთივე ჩვეულებრივი გეოგრაფიული სახელებია, როგორც დელფოსი, მიკენი თუ ათენი.