საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა კონგრესმენთა განცხადებებზე ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი გააკეთა.
„როცა ისინი არიან შეშფოთებულები, შეშფოთების საფუძვლები რეალურად არსებობს თუ არა, ამაზე ჩვენი მხრიდან განმარტებები კეთდება. არჩილ თალაკვაძემ და კახა კუჭავამ აშშ-ში პირადად მოახსენეს იმ პროცესების შესახებ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. ზოგიერთი კონგრესმენის მხრიდან შეშფოთება, ჩემთვისაც შემაშფოთებელია, როცა ხშირ შემთხვევაში მათი კრიტიკა უსაფუძვლოდ გამოიხატება ჩვენს ქვეყანაში არსებულ მზარდ დემოკრატიასა თუ ეკონომიკურ სვლასთან მიმართებით.
ვფიქრობ, რომ სუვერენული ქვეყნის საქმიანობაში ასეთი ინტენსივობით ჩარევა, არ არის მიზანშეწონილი. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, უფლება მაქვს კონსტიტუციით მონიჭებული, საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მივიღო. რაც შეეხება იმას, რომ სამართალწარმოების მიმართულებით თითქოს ოპონენტების შევიწროვება ხდება, ამას აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ.” – განაცხადა ჟურნალისტებთან კობა ლურსმანაშვილმა.
გიგი უგულავას ხელახლა დაპატიმრებას არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი გამოეხმაურა.
„იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ შემაშფოთებელია, რბილი შეფასება იქნება. სასამართლოს გამოყენება იარაღად არ არის დემოკრატია“, – წერდა Twitter-ზე ადამ კინზინგერი.
კინზინგერის განცხადებიდან რამდენიმე საათში უგულავას დაპატიმრება გააკრიტიკა სენატორმა ჯიმ რიშმაც, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა. „როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ვუთხარი, სასამართლოს დამოუკიდებლობის კოლაფსი და ოპოზიციის დევნა მიუღებელი ქცევაა“, – წერდა Twitter-ზე სენატორი რიში.
ამერიკელ პოლიტიკოსებთან ერთად პოზიცია საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გამოხატა. როგორც საელჩო წერდა, იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი ოპოზიციისა და ხელისუფლების დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.
შეშფოთება გამოთქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც და განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები „ლაკმუსის ქაღალდი“ იქნება.
უგულავას დაკავება გააკრიტიკეს იმ ქართველმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც წარსულში „ქართული ოცნების“ წევრები ან გიგი უგულავასთან დაპირისპირებულები იყვნენ. მათ შორის, გიორგი მარგველაშვილმა, თამარ ჩუგოშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ალექსანდრე ელისაშვილმა.