ბიუროზე ორი საათი მსჯელობდნენ, რა სათქმელი აქვს პრეზიდენტს. ეს იცის მხოლოდ მან - საპარლამენტო მდივანი

პუბლიკა

„მე ვერ გეტყვით, რომ პრეზიდენტი ისჯება. ერთი რამ მიკვირს, როდესაც პრეზიდენტს სიტყვა აქვს სათქმელი და არავინ იცის რა მოხსენება უნდა გააკეთოს, ამაზე იყოს ორსაათიანი მსჯელობა, რას იტყვის პრეზიდენტი, როგორ გააკეთებს… მართლა გაკვირვებული ვარ, რატომ შეიძლებოდა, ეს გამოიწვია. რა აქვს პრეზიდენტს სათქმელი მოხსენებაში, ეს იცის მხოლოდ პრეზიდენტმა“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ბიუროს სხდომას.

დღეს პარლამენტის ბიუროზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 5 მარტს არ მოუსმენს. გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომაზე ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ვინაიდან ზურაბიშვილს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე არ მოუსმინეს, ახალი თარიღის შეთანხმება ტექნიკური საკითხი იყო და მისი არჩევის უფლება პრეზიდენტს ჰქონდა.

„პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში შემცირებულიყო პოლარიზაცია და ის ტემპერატურა, რომელიც ქვეყანაში შიგინთ იყო აწეული, გადასულიყო საუბრის და დისკუსიის რეჟიმში.

ერთი საკითხი, ის, რაც კონსტიტუციური უფლებაა პრეზიდენტის, რომ მისი ყოველწლიურად წარდგეს პარლამენტის წინაშე და გააკეთოს მოხსენება, ეს იწვევს ორსაათიან გაუგებარ დისკუსიას, სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე საერთო ის, რატომ შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირსპირება ერთამენთში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.

რაც შეეხება 5 მარტს გამოსვლას და 15 მარტს დათანხმდება თუ არა, ამაზე პრეზიდენტთან უნდა გავიარო კონსულტაციები და შემდეგ მოგახსენებთ“, – თქვა მსხილაძემ.


პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს. გადაწყვეტილება უმრავლესობის დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნის მიზეზად პრეზიდენტის სურვილი დაასახელა, წარუდგინოს ქართველ ხალხს მოხსენება მისი ევროპაში ვიზიტის შესახებ. მან ასევე უკრაინაში რუსეთის ომის გარემოების გათვალისწინებაც მოითხოვა.

საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტით, პრეზიდენტის მოსმენის მოთხოვნილი ფორმატი მისი წლიური მოხსენების წარდგენას გულისხმობს, ეს ფორმატი კი მიმდინარე საკითხებზე საუბარს, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხს არ ითვალისწინებს.

უმრავლესობის პოზიციის საპირისპიროდ, საპარლამენტო ოპოზიცია სხდომის ჩანიშვნას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე პრეზიდენტის სასესიო დარბაზში მოსმენა მნიშვნელოვანია.