პოლიციამ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავა. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინიტროში დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, შოთა დიღმელაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა რომელი მუხლით, ჯერ უცნობია. [მასალა განახლდება]
ცოტა ხნის წინ შოთა დიღმელაშვილმა facebook-ზე გაავრცელა ვიდეო. ვიდეოში დიღმელაშვილი ამბობს, რომ მას აქვს ერთკაციანი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და პროტესტის გამოსახატად მან ადმინისტრაციის შენობას კვერცხები დაუშინა.
„გუშინ დაჭერილი ადამიანებიდან, გოგოები გამოუშვეს, ყველაფერთან ერთად სექსისტურიც არის. იმ 10 დაჭერილი ბიჭიდან 8 არის „სირცხვილიას“ აქტივისტი. თუ არის პრეტენზიები, რომ ვიღაც არასწორად მართავს აქციებს, ან ცუდი მოთხოვნები აქვთ, შეუძლიათ მივიდნენ და რაც უნდათ ის გააკეთონ. მე ახლა მივდიოდი ოფისისკენ და გამახსენდა გუშინ რაც მოხდა. შევედი მაღაზიაში და ვიყიდე კვერცხი. ასე მშვიდობიანად, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ადამიანებს არ ვესვრი, ვესვრი შენობას, რომელიც ამ შემთხვევაში არის კოლაბორაციონიზმის, ხშირ შემთხვევაში ჩაგვრის სიმბოლო. გუშინ ორივე იყო, კოლაბორაციონიზმი და ჩაგვრაც“, – თქვა მან.