ჩვენს ტრადიციებში არ ჯდება, ქართველმა ქალმა მამაკაცს დაუწუნოს ვაჟკაცობა - წულუკიანი

პუბლიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა, რამე რომ მოხდეს ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი იქნება ეს ქვეყანა და არა „ფსევდოსიმამაცით შეფუთული ადამიანების“.

„მე არ მგონია, რომ ქართველმა ქართველს უნდა აუხსნას, რა არის პატრიოტიზმი, რადგან ეს სისხლში გვაქვს ყველას, და მათაც აქვთ ალბათ, მაგრამ მათ აქვთ სინდისის პრობლემა.

ასევე, ვაჟკაცობაზე დებენ თავს… აქაც ცოტა უხერხულია, რადგან ჩვენს ტრადიციებში მაინცდამაინც არ ჯდება, რომ ქართველმა ქალმა მამაკაცს დაუწუნოს ვაჟკაცობა, მაგრამ ცოტა ცივი გონებით რომ შევხედო და გავიხსენო რაღაცები, არაერთი „ვაჟკაცთაგანი“ იყო მორალურ განსაცდელში, ასე დავარქმევ, საპატიმროში, როდესაც მე პენიტენციურ სისტემას ვმართავდი და მხოლოდ ერთადერთი იყო მათ შორის, ვინც ღირსეულად იტანდა ამ განსაცდელს. დანარჩენის რა გითხრათ აბა.

ამიტომ, როდესაც ვერ იტან ამ დროებით მორალურ განსაცდელს… ეს არის შეფუთული ყველაფერი ვითომ ვაჟკაცობით, ფსევდოსიმამაცით და შემდეგ ღმერთმა არ ქნას და რამე მოხდეს, ქალების და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომელიც მაშინ ბრძოლის ველზე მიატოვეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ადრე ფიქრობდა, რომ 2024 წელს ხელისუფლების შეცვლა კარგი იქნებოდა, „მაგრამ ამათი შემყურე კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“.

შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში არ იყო მითითებული, რომ მინისტრის ეს კომენტარი შეიცავს სექსისტურ შინაარსს.