საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს და ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გამოცემულ დაკავების ორდერებს ეხმაურება.
სააკაშვილი წერს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად მისი გამართლებაა.
„ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა – „ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით”. მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა.
წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა. ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
და ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს – სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?! ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს. „მძინარე ცხინვალის დაბომბვის” აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!“, – წერს სააკაშვილი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ოს მაღალჩინოსნებზე. პროკურორმა დღეს გააფორმა სამი პირის დაპატიმრებაზე მოთხოვნა.
პროკურორის თქმით, ესენი არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”.