თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც ომი ქართულმა მხარემ დაიწყო.
„სამარცხვინოა, რაც მათ იკადრეს. დღეს გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ის რეზოლუცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზე უნდა დაახიო ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელი მოაწერა ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. თქვენ იცით, რა წერია ამ რეზოლუციაში. ჩვენი სამხედროები დაადანაშაულეს, თითქოს ცხინვალი ჩვენი მხრიდან დაიბომბა. სამარცხვინოა, დღეს ეს ადამიანები გამოდიან და პატრიოტიზმზე გვესაუბრებიან”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა საქართველოს საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა.
საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ოს მაღალჩინოსნებზე. პროკურორმა სამი პირის დაპატიმრებაზე მოთხოვნა დღეს გააფორმა.
პროკურორის თქმით, ესენი არიან:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მაირამოვიჩ მინძაევი – რომელიც 2005 წელს დაინიშნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრად და თანამდებობაზე იყო 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი – დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი გამოძიებით მოცულ პერიოდში;
- დავიდ გეორგიევიჩ სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში გამოძიებით მოცულ პერიოდში”.