„დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ, „გაზპრომის“ აქციონერ ბიძინა ივანშვილს“ – ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
პეტიციაზე ხელმომწერი მოქალაქეები, მოუწოდებენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და ევროპარლამენტარებს დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
„დაუწესდეს სანქციებო რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეხმარება რუსეთს, თავი აარიდოს პუტინის რეჟიმისთვის დაწესებულ სანქციებს და ქვეყანას რუსეთის სატელიტად ქცევის საშიშროების წინაშე აყენებს. ამის საპირისპიროდ, ქართველი ხალხი ევროპული ღირებულებების ერთგულია და ერთსულოვნად მხარს უჭერს უკრაინას.
ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და „გაზპრომის“ აქციონერი მართავს საქართველოს თავისი მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, რომლებიც თანამდებობებს ინარჩუნებენ არჩევნების შედეგების უხეშად გაყალბებითა და პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშფოთებულია იმით, რომ მთავრობა პუტინის დღის წესრიგს უჭერს მხარს – საზოგადოების განწყობას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მჭიდრო საქმიანი და პოლიტიკური კავშირები აქვს რუსეთთან, არის ფაქტობრივად საქართველოს ერთპიროვნული მმართველი და გადაწყვეტილებების მიმღები,“ – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის მხარდაჭერის ნაცვლად, საქართველოს ღიად პრორუსულმა მთავრობამ ღიად გადადგა ნაბიჯები პუტინის რეჟიმის მხარდასაჭერად:
· არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს;
· არ ჩაუკეტა ცა რუსეთის თვითმფრინავებს;
· უკრაინელი ლტოლვილების დახმარება მან მთლიანად სამოქალაქო სექტორს და მოხალისეებს გადააბარა და ჯერჯერობით ამ კუთხით არანაირი გეგმა არა აქვს;
· არ შემოუშვა უკრაინული თვითმფრინავი, რომელსაც ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა გადაეყვანა;
· არ პასუხობს ქართველი მოქალაქეების ხმამაღალ მოთხოვნას, გააუქმოს ცალმხრივი უვიზო რეჟიმი რუსეთსა და საქართველოს შორის და იმოქმედოს სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; [ მთავრობა უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, ვინც რუსეთიდან ადამიანების მასობრივი შემოდინების წინააღდეგია, შოვინისტია და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ეწევა. ის დაემუქრა მოქალაქეებს მოქმედი კანონის გამკაცრებით.]
· აგრძელებს პოლიტიკურ შურისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, უკრაინის მოქალაქეზე, ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეზე, მიხეილ სააკაშვილზე. პუტინის პირადი პოლიტიკური პატიმარი არის არაადამიანური და ღირსებისშემლახველი მოპყრობის მსხვერპლი.
პეტიციას ამ დროისთვის 1972 მოქალაქე აწერს ხელს.