პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტია ეხმაურება „რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივ ქმედებებსა და კამპანიას“.
მისი თქმით, დღეს საქართველო არის მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს იყენებს საბაბად საპროტესტო აქციებისთვის და შიდა და საგარეო ასპარეზზე ქვეყნისათვის დამაზიანებელი კამპანიის წარმოებისთვის.
„სწორედ ამგვარი მოღალატეობრივი სულისკვეთებითა და ქმედებებით ჩააბარეს მათ 2008 წელს ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ხოლო მოგვიანებით ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერით რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში ქართული ჯარი დაადანაშაულეს, ახლა კი, როგორც ჩანს, ესეც არ ყოფნით და საქართველოს მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად, მაქსიმალურად დამძიმება სურთ.
რადიკალური ოპოზიციის მოღალატეობრივი კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ხატია დეკანოიძის მდარე სიცრუით გაჯერებული გამოსვლა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე, სადაც ის საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პრორუსულ ხელისუფლებად წარმოჩენას ცდილობდა, საქართველოს რუსეთის სასარგებლო პოლიტიკის წარმოებაში ადანაშაულებდა და მეტიც, საქართველოს უკრაინელების მკვლელობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
ასევე სამარცხვინო და მოღალატეობრივი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიის – „მთავარი არხის“ წარმომადგენლის გუშინდელი გამოსვლა ნედ პრაისის პრესკონფერენციაზე, რომელიც ასევე სიცრუეზე იყო აგებული და საქართველოს სახელმწიფოს და ხელისუფლების იმიჯის დაზიანებას ისახავდა მიზნად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი მიზანი, ერთი მხრივ, სანქციების დაწესებით დაამძიმოს საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა და მეორე მხრივ, საქართველო რამენაირად ჩართოს ომში.