ღარიბაშვილი: მინდა, სინანულით შევახსენო ყველას, რომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთს სანქციები არავინ დაუწესა

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან ერთად ბრიფინგი გამართა. პოლონეთის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ბათუმში ლეხ კაჩნსკის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში თანადგომის გამოხატულებაა.

„რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თანადგომის გამოხატულებაა. მით უმეტეს ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი, მორავიეცკი პირადად იყო ჩასული კიევში, შეხვდა უკრაინელ ლიდერებს და პირადად გამოხატა სოლიდარობა და თანადგომა. რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ბათუმში ერთად გავხსნით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და 2008 წლის ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

„საქართველომ თავის თავზე გამოცადა ის უბედურება, რომელიც დღეს უკრაინაში ხდება. საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი. და მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ 20% ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად ჩვენს ტერიტორიაზე.

მინდა აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ, სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან.

აქვე მინდა, გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, რომელიც კიდევ ერთხელ, მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან მიმართებით. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო პროექტები და არავითარი სანქცია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მაშინდელმა ხელისუფლებამაც არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო ის პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე.

„უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას.