აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და მთიან ყარაბაღში სოფელი ფარუხი დაიკავა - ერევანი

პუბლიკა

სომხური მხარის განცხადებით, აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის შეთანხმება და მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში მდებარე სოფელი ფარუხი დაიკავა.

„ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ასეთი მძიმე ესკალაციის ფონზე, მსგავსი ქმედებები ბაქოს მხრიდან სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას.

მოველით, რომ რუსი სამშვიდობოები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, მიიღებენ შესაბამის ზომებს, რომ აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარე კი უარყოფს ინფორმაციას, რომ სომხეთის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე სახის ესკალაცია მოხდა.

ფარუხი ასკერანის/ხოჯალის რაიონში მდებარეობს, რუსული სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონასა და აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს დაკავებულ ტერიტორიებს შორის არსებულ საკონტაქტო ხაზთან.