არხის მენეჯმენტმა წერილობითი განმარტებები მოგვთხოვა ჩვენს საჯარო განცხადებებზე - ზედელაშვილი

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალი კვირის“ სამმა ჟურნალისტმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელევიზიის ხელმძღვანელობის მხრიდან საქმიანობაში ჩარევასა და ცენზურაზე ისაუბრეს.

გადაცემის ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ შეხვედრაზე იმ ადამიანების სახელები წაიკითხა, რომლებიც, მისი მტკიცებით, შეყვანილები იყვნენ „შავ სიაში“.

პრესკონფერენციაზე გადაცემის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, სოფო ზედელაშვილმა თქვა, რომ ის სოციალურ მიმართულებას აშუქებს და მისი საქმიანობა ასეთი გამადიდებელი შუშის ქვეშ არ ყოფილა, როგორც სხვა ჟურნალისტების, მაგრამ ყველაფრის დადასტურება შეუძლია, რასაც კოლეგები ჰყვებიან.

„სოციალური მიმართულების ჟურნალისტი ვარ და ბუნებრივია, ჩემი რეპორტაჟები ასე პირდაპირ გამადიდებლის ქვეშ არ ექცეოდა, როგორც თამთა ჯანაძის სიუჟეტები, თუმცა ამ პროცესების მომსწრე და მონაწილე  ვარ და ყველა სიტყვა შემიძლია დავადასტურო.

ერთი, რაც შემიძლია, დავამატო, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა და საზოგადოებამ  ნამდვილად უნდა იცოდეს სიმართლე ყველა ჩვენი ნაბიჯის შესახებ, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

არხის მენეჯმენტმა ჩვენ გვთხოვა წერილობითი ახსნა-განმარტებები საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით, რაზეც მივაწოდეთ დეტალურად ინფორმაცია. იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ შიდა მოკვლევა ჩატარდება აუცილებლად და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის აუცილებლად ჩავთვალეთ ასევე მიგვემართა სახალხო დამცველისთვის“, – განაცხადა სოფო ზედელაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამართლებრივ ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის დახმარებით ჟურნალისტები მიმართავენ სახალხო დამცველს შესაძლო დისკრიმინაციის დადგენისა და შრომით საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით.