ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მოქალაქეებს ომში იძულებით რთავენ - ხოშტარია

პუბლიკა

პარტია „დროას“ დამფუძნებელმა და ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ბოლო დღეებში ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები რუსულ აგრესიასა და ბოროტმოქმედებაში რთავენ იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

„უკვე ვნახეთ კადრები როგორ გაჰყავს რუსეთს ტექნიკა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჰყავთ ადამიანებიც.

ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შიში, რომ მალე ომში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეების გაწვევა სავალდებულო გახდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, როგორც საერთაშორისო ისე ჩვენი სახელმწიფოს სამართლის და ასევე ადამიანურ დონეზე.

პირველ რიგში, მინდა, მივმართო ყველას, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ურთიერთობა გვაქვს ახლა, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ გვემეტება საზარბაზნე ხორცად და რუსეთის ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, “- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, ეს არის საერთაშორიოს სამართლის დარღვევაც –  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არადაამიანური მოპყრობის აკრძალვა); მე-4 (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) და მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) მუხლების დარღვევა.

„გამაოგნებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო, რომელიც თითქოსდა გმობს ომს, პარალელურად ხმას არ იღებს ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი დანაშაულებრივი და ძალადობრივი შესაძლო ქმედებების შესახებ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ომში იძულებით ჩართვა, რუსეთის მხრიდან უმძიმესი დანაშაულია.  რუსეთი ამ ომში აუცილებლად დამარცხდება და ჩვენ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, საქართველოს მოქალაქეები არ იყონ ჩართული ამ ბოროტებაში, “- აცხადებს ელენე ხოშტარია.