ეუთოს თავმჯდომარემ ჩემი გათავისუფლება მოითხოვა - სააკაშვილი

პუბლიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და  პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი გათავისუფლება მოითხოვა.

„ძალიან ბევრი საერთაშორისო დიდი მოთამაშე იგივეს ეუბნება საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას. მაგრამ ოლიგარქი იღებს მითითებას მხოლოდ ერთი მხრიდან – ეს არის პუტინი. ოღონდ პუტინს ახლა თავისი გასჭირვებია და არა მგონია ბორენკასთვის რამენაირად მოიცალოს, “- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ. ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

ეუთოს თავმჯდომარემ ასევე გამართა შეხვედრები პარლამენტში, დეპუტატებთან. შეხვედრას მმართველი და ოპოზიციური პარტიის წევრები ესწრებოდნენ.

მმართველი პარტიის წევრებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ შეხვედრაზე ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშილის საკითხი დასვა. თინა ბოკუჩავამ ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პოლიტიკური სპექტრის გაერთიანების კონტექსტში იყო საუბარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, თუმცა შუამდგომლობაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პატივს სცემს ქართულ კანონმდებლობას.