პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა.
წერილი, რომელსაც ანა ფოტიგა Twitter-ზე აქვეყნებს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ბორელს მიმართავს კითხვით – შეესაბამება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს EU-ში გაწევრიანების პროცესში.
„შეშფოთებული ვარ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოპყრობით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებსა და ღირებულებებს. ვუერთდები მრავალრიცხოვან მოწოდებებს, მოექცნენ პრეზიდენტ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად და თავი შეიკავონ დამამცირებელი მოპყრობისა და პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან.
მრავალმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა და დიპლომატებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს სასამართლო პროცესებთან და ციხეში მის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომელიც წამოწყებულია ბიძინა ივანიშვილის – რუსეთთან კავშირებითა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლის მქონე ოლიგარქის მიერ. გარდა ამისა, ეს არაფორმალური კავშირები უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გარშემო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ორაზროვან პოზიციას იწვევს“, – წერს ანა ფოტიგა.
ევროპარლამენტარი ჟოზეფ ბორელს მიმართავს ორი კითხვით:
- შეესაბამება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს EU-ში პროცესში?
- ეთანხმება თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში იმას, რომ მოლდოვის დეოლიგარქიზაციამ დადებითად შეუწყო ხელი ამ ქვეყანაში პოლიტიკურ რეფორმებს და მის მომავალს ევროკავშირში? იზიარებს თუ არა საერთო მოსაზრებას, რომ რუსეთთან კავშირებით ცნობილი ქართველი ოლიგარქისთვის პირადი სანქციების დაწესება მსგავს პოზიტიურ ეფექტს მოიტანს?
I ask @JosepBorrellF about #Georgia’s application to the #EU, European values, mistreatment of the 3rd President of Georgia @SaakashviliM and personal #sanctions on the oligarch with links to #Russia: pic.twitter.com/kuQXYOWXl0
— Anna Fotyga (@AnnaFotyga_PL) March 30, 2022