საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა.
„ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
გუშინ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.
„რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – თქვა მან.