„რესპუბლიკური პარტია“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განცხადებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს.
„გასული წლის დეკემბერში აშშ-სადმი რუსეთის ულტიმატუმის მთავარი მოთხოვნა უკრაინისა და საქართველოს ნატოში მიღების არდაშვება, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დაპირების ოფიციალური გაუქმება იყო.
უკრაინასთან 24 თებერვალს დაწყებული წარუმატებელი ომის და მოლაპარაკებებშიც განცდილი მარცხის ფონზე რუსეთი იწყებს უკრაინის მეწყვილის – საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური (ჯერჯერობით, მხოლოდ პოლიტიკური) ფრონტის გახსნას.
სამხედრო-პოლიტიკური წარუმატებლობის ფონზე იგი ალაპარაკებს მის მარიონეტულ რეჟიმებს უკრაინასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონბასსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში რუსეთში შესვლაზე.
ბიბილოვის განცხადებაზე რუსეთის შემადგენლობაში ოსეთის გაერთიანების შესახებ, დუმიდან პოზიტიური გამოხმაურებაც ადასტურებს კრემლის პოლიტიკურ ხაზს – ოკუპირებული რეგიონების ყირიმის მსგავსად ანექსიის შესახებ. ასეთია ოკუპანტის პასუხი საქართველოს ხელისუფლების მაამებლურ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ.
აუცილებელია კრემლის ამ შემოტევის საპასუხოდ დასავლეთის და უკრაინის უპირობო მხარდამჭერთა რიგებში საქართველოს დაბრუნება, ნატოში ინტეგრირების გაღრმავება და არა დისტანცირება.
სანქციები მუშაობს!
პუტინი დამნაშავეა!
ამერიკის და ნატოს სხვა წევრების სამხედრო-პოლიტიკური ქოლგა არის საქართველოს რუსეთისგან დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა.
შეგნებულად ვიკავებთ თავს ხელისუფლების სხვადასხვა ეპითეტით შემკობისგან. ახლა მთავარი შეცდომის დანახვა და მისი გამოსწორებაა. პუტინი ამ ომს წააგებს. უკრაინა არ დათანხმდება მის „ნეიტრალურ“, ტერიტორიებწართმეულ სატელიტობას. საქართველოსა და უკრაინაში რუსეთმა ვერ შეძლო და ვერც შეძლებს ლუკაშენკოს ტიპის მარიონეტული რეჟიმის შექმნას.
საქართველო უკრაინასთან! საქართველო ევროკავშირში! საქართველო ნატოში!“, – ნათქვამია განცხადებაში.