„თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროვოკაციის გამო ჩვენ მოვახდენთ ისეთი პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას, რომ რუსეთს უფრო დიდი პროვოკაციის გადადგმის საშუალება მივცეთ საქართველოში, ამას არ გავაკეთებთ“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გამოეხმაურა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – „ჩვენი პოლიტიკის ბრალი ხომ არაა ბიბილოვის გათამამება, მუდმივი საუბარი რუსეთთან შეერთებაზე, ანუ საკმარისად ხისტია საქართველოს ხელისუფლება თუ ამ რბილი განცხადებებით ხელს უწყობს ბიბილოვის რიტორიკას”, ქადაგიშვილი პასუხობს:
„თქვენ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რომ ვიყოთ ხისტები, როგორც თქვენ მიგყავთ საუბარი, უფრო მიმწოლები, როგორც თქვენ გინდათ თქვათ, უფრო პროვოკაციულები და თქვენ ამით ფიქრობთ, რომ ბიბილოვი ამით უფრო რბილი გახდება და შეშინებული და ეს მხოლოდ ბიბილოვის აზრია, რასაც ლაპარაკობს?! ამიტომ ვიმეორებ, რომ ვიყოთ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული და არა პროვოკაციების გაღრმავებაზე”, – ამბობს ქადაგიშვილი.
ჟურნალისტის რეპლიკაზე – „მე ვსაუბრობ განცხადებაზე და არა პროვოკაციაზე”, ქადაგიშვილი პასუხობს: „განცხადებით იწყება პროვოკაცია. ყველა ომი იწყება განცხადებით”.
გუშინ, 30 მარტს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა,ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.