ქადაგიშვილი ფოტიგაზე: ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება

პუბლიკა

პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ბორელს მიმართავს კითხვით – შეესაბამება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების და არასათანადო მოპყრობის პოლიტიკა ევროპულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს EU-ში გაწევრიანების პროცესში?

ანა ფოტიგა წერს, რომ ეს პროცესი „წამოწყებულია ბიძინა ივანიშვილის – რუსეთთან კავშირებითა და საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლის მქონე ოლიგარქის მიერ“.

ანა ფოტიგას წერილი მმართველი პარტიიდან გია ვოლსკიმ და ირაკლი ქადაგიშვილმა შეაფასეს:

„ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. ეს არის განსხვავება, რაც არ იცის ფოტიგამ და ვერც გაიგებს. დანაშაულები არის უმძიმესი, რაც პირადად ჩაიდინა სააკაშვილმა და იმ სისტემამ, რომელიც მან შექმნა. ამის შესახებ ფოტიგას ან წარმოდგენა არ აქვს, ან თამაშობს იმ პოლიტიკურ თამაშს, რომელიც უკარნახეს გლდანის ციხიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება ქალბატონი პარლამენტარის. უმაღლეს სტანდარტზეა მიხეილ სააკაშვილის უფლებები“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.