ვინ არის საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ სამთავრობო ცვლილებების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანს მთავრობის ადმინისტრაციის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი შეცვლის.

პრემიერის წარდგენის შემდეგ ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ.

მას არაფერი უთქვამს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, არც რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და  მიმდინარე ომზე. ილია დარჩიაშვილმა მხოლოდ მადლობა გადაუხადა პრემიერს და დავით ზალკალიანს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის, თქვენს გუნდში, თქვენთან ერთად, ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატება მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის სამუშაო/პროფესიული გამოცდილება ბანკი „რესპუბლიკიდან“ იწყება. 2003 წლიდან 2012 წლამდე ის ბანკში სხვადასხვა პოზოციაზე მუშაობდა.

2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში პოლონეთის რესპუბლიკაში. 2014-2015  წლებში იყო სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე. შემდეგ ამავე ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

ილია დარჩიაშვილი 2015-2016 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის პირველი მოადგილე. ამავე პერიოდში მუშაობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

ის 2016-2017 წლებში  იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი; 2017-2021 წლებში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2021 წლიდან – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.