უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე კომენტარისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინიდან ჯერ კიდევ ომის წინ შემოვიდა „კონტრაბანდული პროდუქტი“, მიხეილ სააკაშვილის სახით.

„მე უკეთეს ამბავს შეგახსენებთ, უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ.  სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, შეგიძლიათ, თქვენ მოიკითხოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-დაუმტკიცებლობას, ეს არის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

„როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.