მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მტკიცებულებები - სუსი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

განცხადების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

„შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – წერია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.