საჭიროა მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და ბოდიში მოიხადოს - ვაშაძე

პუბლიკა

„ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ სჭირდება, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი“ – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის სანქცირებული პროდუქციისთვის.

ვაშაძე ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად უნდა მოხდეს სრულფასოვანი შესწავლა ტვირთის, რომელიც გაედინება რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით.

„თუ ეს ტყუილია, მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც. კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო – ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რათა საკითხის შესწავლა დეტალურად მოხდეს. სიცრუე თუა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია.

უნდა ვიცოდეთ, რომ ომის პირობებში უკრაინის სპეცსამსახურები ნამდვილად მუშაობენ ამერიკულ, ბრიტანულ და ევროპის სპეცსამსახურებთან ერთად და სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს. ამიტომ ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, პოლიტიკაში ვარ საქართველოში და ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ. ველოდები მტკიცებულებებს, სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ“, – განაცხადა ვაშაძემ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი საქართველოს გავლით კონტრაბანდის მიღების არხებს ავითარებს.

როგორც დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს დაზვერვის წარმომადგენლებმა დირექტივა მიიღეს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის.