უკუსვლა დემოკრატიული პრინციპებიდან, გართულებული მედიაგარემო | ევროპარლამენტის ანგარიში

პუბლიკა

ევროპარლამენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ასოცირების შესრულების შეფასება, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) მოთხოვნით ევროპარლამენტის კვლევის სამსახურმა (EPRS) მოამზადა, სხვადასხვა საკითხს ეხება.

მათ შორის, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის აპრილიდან საქართველომ მნიშვნელოვნად დაიხია უკან ძირითადი დემოკრატიული პრინციპებისა და ასოცირებით გათვალისწინებული ძირითადი პოლიტიკურ ვალდებულებების კუთხით.

ასევე, ანგარიშში საუბარია კანონის უზენაესობის მხრივ არსებულ გამოწვევებზე, მედიისთვის გართულებულ სამუშაო გარემოზე, 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და სხვა სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე.

პოლიტიკური ვითარება და კანონის უზენაესობა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები ეტაპობრივად იფიტება მათი ძირითადი არსიდან და მმართველი კოალიცია უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას აქცევს თავის ხელში, ამავდროულად ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის.

„მნიშვნელოვნად გაუარესდა კანონის უზენაესობა, რასაც მოწმობს მაღალი რანგის ოპოზიციონერების დაკავება, 2019 წლის ივნისსა და 2021 წლის ივლისში ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება.

2020 წლიდან სასამართლო სისტემაში განვითარებულმა მოვლენებმა (კერძოდ, მოსამართლეთა ნაჩქარევმა და არაგამჭვირვალე დანიშვნამ, გენერალური პროკურორის დანიშვნის რეფორმის ჩავარდნამ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში გატარებულმა ცვლილებებმა) აშკარად გამოავლინა ძირეული უკუსვლა ასოცირების შეთანხმების შესრულებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლოს რეფორმების მხრივ უკუსვლის მნიშვნელოვან მიზეზად კი აღნიშნულია, რომ რეფორმები უფრო მეტად ეხებოდა ინსტიტუციურ და პროცედურულ საკითხებს მაშინ, როცა ხელუხლებელი რჩებოდა ძალაუფლების კონცენტრაცია გავლენიანი ჯგუფის ხელში, რომელსაც ზურგს მმართველი ძალა უმაგრებს.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2020-21 წლებში დანერგილი ცვლილებები არ ეფუძნება მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსს ან სამოქალაქო საზოგადოების ფართო მონაწილეობას.

მედია და ადამიანის უფლებები

EPRS-ის  მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ შერეული შეფასება შეიძლება მიეცეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით არსებულ სურათს, მედიის მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად გაუარესდა.

„მედიაგარემო პლურალისტურია, მაგრამ მედიის პოლარიზაცია პოლიტიკური კრიზისის კვალდაკვალ გაიზარდა. სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები ოპერირებენ, გართულდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება მტკიცეა, მაგრამ მასზე ზეგავლენას ახდენს ქვეყანაში ზრდადი პოლიტიკური ანტაგონიზმი. ამასთან ერთად, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა ის საკონსულტაციო არხები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას აქვს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამის საპირისპიროდ, როგორც შეფასების ავტორები წერენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და სამუშაო სივრცეში გენდერული თანასწორობის კუთხით. მნიშვნელოვან ნაბიჯადაა მიჩნეული ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსის შემოღება, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა.

წარმატებადაა შეფასებული შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება და ცვლილებები შრომის კანონმდებლობაში, რაც, ანგარიშის მიხედვით, კოვიდპანდემიის მიუხედავად, მშრომელთა უფლებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად მნიშვნელოვან პრობლემად რჩება სექსუალური უმცირესობების მიმართ ძალადობა.

კორუფცია და დეცენტრალიზაცია

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფინანსური და ტერიტორიული დეცენტრალიზაციის კუთხით, თუმცა დეცენტრალიზაციის რეფორმა განპირობებული იყო უფრო ეფექტიანი მენეჯმენტისა და საინვესტიციო სისტემის მოწყობის მიზნით და ნაკლებად – ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მმართველობის გასამყარებლად.

ასევე, კრიტიკულადაა შეფასებული ანტიკორუფციული რეფორმების მიმდინარეობა.

„მაშინ, როცა საქართველო კვლავ ინარჩუნებს რეგიონული ლიდერის პოზიციას კორუფციასთან ბრძოლაში, ბოლო წლების განმავლობაში ანტიკორუფციული რეფორმების შენელება და ელიტური კორუფციის ეფექტიანი გამოძიება, აღკვეთა დიდ გამოწვევად რჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.

უსაფრთხოება და ეკონომიკა

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს უვიზო რეჟიმის დასაცავად საჭირო ზომების გატარებას და ეფექტიან თანამშრომლობას ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების შესაბამის სააგენტოებთან, კრიმინალთან ბრძოლის კუთხით. პოზიტიურადაა შეფასებული საერთაშორისო პოლიტიკაში თანამშრომლობაც.

„თუმცა საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა სანქციებს, რომელიც რუსეთს 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

EPRS-ის მომზადებული ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკამ დიდი დარტყმა მიიღო კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს კანონმდებლობის დახვეწას და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მიმართულებით. რაც საკმაოდ მაღალი ფასის გადახდას მოითხოვს ბიზნესაქტორების მხრიდან, განსაკუთრებით სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გატარებით.

„მაშინ, როცა საქართველო საკანონმდებლო მიმართულებით სწორ გზაზეა, ის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი კუთხით, განსაკუთრებით ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა, პროგრესი მიღწეულია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.