მმართველი პარტიის წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი „გვამების შემოდებაზე“ თავის გუშინდელ განცხადებას კვლავ ეხმაურება და ბოდიშს უხდის, თუკი ვინმემ მისი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა.
„გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ.
თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო!
თუმცა, ბოდიშს ვერ მოვიხდი „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების წინაშე, რომლებიც ჩემს სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“, – წერს ის.
ოხანაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ როდესაც უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების მაგიდასთან „კრიმინალი ადეიშვილი“ ჰყავს, მერე არავის არ უნდა უკვირდეს არც უკრაინის პოზიცია და არც საქართველოს ხელისუფლების რეაქცია.
„…კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ, ასწავლიან (რაც არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს), როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, უკრაინაში”, – განაცხადა ოხანაშვილმა.