„ლელოს“ ინიციატივა საინტერესო არაა, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის - სუბარი

პუბლიკა

მდინარაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ „ომის პარტიების“ არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არა თუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულადაც კი არ მივიღებთ, – ასეთია დეპუტატ სოზარ სუბარის პასუხი უკრაინასთან დაკავშირებით „ლელოს” მიერ  მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე.

სუბარი ამბობს იმასაც, რომ „ლელოს“ ინიციატივა საინტერესო არ არის, რადგან არის ხმაური არაფრისთვის და ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში.

„საქართველომ 2008 წელს სწორედ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჰააგის სასამართლომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და სამი პირი ბრალდებულად ცნო. მათი დაპატიმრების ორდერიც გამოიცა. სასამართლო პროცესი და გამოძიება გრძელდება. დარწმუნებულნი ვართ, კიდევ ბევრ პირს შეეხება.

საქართველო 37 ქვეყანასთან ერთად თანაავტორია იმ საჩივრის, რომელიც შეტანილია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით. 2008 წლის საჩივრისგან განსხვავებით, გამოძიება დაჩქარებული წესით მიდის და ყველაფერს დაადგენს. საქართველოსა და ხელისუფლების პოზიცია სწორედ აქ ჩანს.

რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას, საინტერესო არ არის, რადგან ეს არის ხმაური არაფრისთვის, ქარიშხალი ცარიელ ჭიქაში. მამუკა მდინარაძემ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ომის პარტიების არც ერთ ინიციატივას საგარეო საკითხებზე არათუ არ განვიხილავთ, არამედ სერიოზულად არც კი მივიღებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


„ლელომ” პარლამენტს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე რეზოლუციის პროექტი წარუდგინა.

როგორც ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რეზოლუციაში გაკეთებულია პოლიტიკური შეფასება იმაზე, რაც უკრაინაში ხდება და ასევე, საუბარია, შეიქმნას აქტიური თანამშრომლობის ფორმატი უკრაინასა და შესაბამის საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რათა გამოძიებული და დასჯილი იყოს რუსეთის დანაშაული უკრაინაში.