ვიზალიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებით - ბოჭორიშვილი ოპოზიციას

პუბლიკა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ბრიფინგი პარტია „ქართული ოცნების” ოფისში გამართა და ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქართული მხარე შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში დაუბრონოს შევსებული კითხვარი ევროკავშირის მხარეს.

გამოსვლისას მან დრო ასევე დაუთმო ოპოზიციის ნაწილის განცხადებების შესახებას და აღნიშნა, რომ:

„ქართული სახელმწიფოს წარმატების ფონზე, ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი კვლავ აგრძელებს ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით და ქმედებებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანების მცდელობას.

მათთვის მთავარია, „ქართულ ოცნებას“ რაიმე წარმატება არ მიეწეროს და ყველაფერს აკეთებენ, იმისათვის, რომ სახელმწიფოს სწორედ ის წარმატება დააკნინონ, რაზეც დგას ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ ისინი ანტიდასავლურ და ანტიქართულ ინტერესებს ემსახურებიან.

ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ წარსულში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობის მსგავსად, ქვეყანას ოპოზიციაში ნუ ჩაუდგებიან.

დღეს, საქართველოს, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება ერთიანობა.

არჩევანი კი მარტივია, ან ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ევროპული მომავლის მხარეს ხარ, ან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ოპოზიციაში”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.


11 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა.