პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორები: თამარ მამულაშვილი, ნინო ტურიაშვილი
თამარ მამულაშვილი: ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც გურიაში ბუხართან მოკალათებული ბებიას ვეწუწუნებოდი, ნაკვერჩხალზე შემწვარი წაბლი რა ცხელია-მეთქი.
კარგად მახსოვს მბჟუტავი ნაკვერჩხალი და აფეთქების ხმა. ბებიამ მკლავებში ხელი ჩამავლო და გარეთ გამაქცია.
აღმოჩნდა, რომ წაბლი გასკდა. მაგრამ ნაომარ ადამიანს, ვისაც გაჭირვება, ჭურვის, სროლის ხმა გამოუცდია, აღარასოდეს ექნება კარგის მოლოდინი უცაბედი ხმაურისგან.
ბებიაჩემს შიმშილიც გამოუცდია, უწყლობაც, ომიც. მთელი დარჩენილი ცხოვრება ყოველ ღამე ღმერთს სთხოვდა მშვიდობას. მე მაშინ ძალიან პატარა ვიყავი მშვიდობის ფასის გასაგებად.
იმდენად რომ ვერც ლენინგრადის ბლოკადის ისტორიამ მიმახვედრა მთელი სიმძაფრით, თუ რა ჰქონდა გადატანილი. როდესაც შიმშილით გულწასული პატარა გოგო მკვდარი ეგონათ და დამშეულმა ადამიანმა მხარზე ხორცი მოაგლიჯა… ბებიაჩემი ტკივილმა გადაარჩინა.
ტკივილმა ასწავლა ომის და მშვიდობის ფასი…
ომს არასოდეს ჰქონია ბებიაჩემის სახე.
ომს არასოდეს ჰქონია ქალის სახე..
ნინო ტურიაშვილი: ჩვენი პირველი პოდკასტის სათაურად შემთხვევით არ შევარჩიეთ ბელორუსი ნობელიანტი ქალი მწერლის, სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნი „ომს არ აქვს ქალის სახე“. წიგნი რუსულიდან თამარ კოტრიკაძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2017 წელს გამოსცა. წიგნში იმ ქალების ისტორიებია მოთხრობილი, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა.
რატომ მაინცდამაინც ქალების? ალექსიევიჩი ამბობს, რომ ომის შესახებ დაწერილი წიგნები მამაკაცების მიერაა დაწერილი, ისევ მამაკაცების შესახებ. „ყველაფერი, რაც ომის შესახებ ვიცით, „მამაკაცის ხმით“ მოვისმინეთ. ომის შესახებ „მამაკაცური წარმოდგენებისა და „მამაკაცური შეგრძნებების“ ტყვეობაში ვიმყოფებით. „მამაკაცური“ სიტყვებისაც. ქალები კი დუმან…. როდესაც ქალები საუბრობენ, სრულებით არაფერს ან თითქმის არაფერს გაწვდიან ისეთს, რის კითხვას და მოსმენასაც ვართ მიჩვეულნი: რა გმირულად ხოცავდნენ ერთნი მეორეებს და როგორ გაიმარჯვეს. ანდა როგორ დამარცხდნენ. როგორი ტექნიკა ჰქონდათ და როგორი გენერლები ჰყავდათ. ქალები სხვაგვარად და სხვა რამეებზე მოგვითხრობენ. „ქალის“ ომი სხვაგვარადაა შეფერილი, სხვა სუნი, სხვა განათება და გრძნობათა საკუთარი სივრცე აქვს. საკუთარი სიტყვებიც. იქ გმირებისა და დაუჯერებელი გმირობების ნაცვლად უბრალოდ ადამიანებს შევხვდებით, არაადამიანური და მაინც ადამიანური საქმით დაკავებულებს. თანაც იქ მხოლოდ ისინი (ადამიანები!) როდი იტანჯებიან, არამედ მიწაც, ფრინველებიც, ხეებიც. ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენთან ერთად ცხორობს. უსიტყვოდ რომ იტანჯებიან, ეს კიდევ უფრო შემზარავიც კია.”
ქალები, ომშიც უხილავები
თამარ მამულაშვილი: ალექსიევიჩი ამ მოკლე ეპიზოდითაც კი გვიქმნის წარმოდგენას, იმ ქალების შესახებ, რომელთა ცხოვრებითაც აქამდე არავინ დაინტერესებულა. მხოლოდ მკვლევრები, ალექსიევიჩი და მისი მკითხველები ფლობენ ომის ქალების შესახებ ცნობებს.
ისტორიას მხოლოდ მებრძოლი გმირების, მეომრების, გენერლების ისტორია ადარდებს. თუმცა ომის ქვეყნებში, როდესაც კაცები იყვნენ საომრად წასული, ქალებს მოუწიათ იმ შრომის გაწევა, რაც მანამდე ქალებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი. ქალები შრომობდნენ ფიზიკურად, ემოციურად, არჩენდნენ ოჯახს და ზრუნავდნენ ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე. ალექსიევიჩი გვიყვება ქალებზეც, რომლებიც უშუალოდ ომობდნენ, ვინც დაპყრობილ ქვეყნებში სხვადასხგვარი, მათ შორის სექსალური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ დავანაწევროთ ქალების გამოცდილება, მებრძოლი ქალების გმირობასთან ერთად იმ ქალების ყოფაც გავიაზროთ, ვისაც ომის პირობებში სხვებზე ზრუნვა მოუწიათ.
ნინო ტურიაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომის მედიაში გაშუქება, ძალიან მწვავედ განგვაცდევინებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. არა მხოლოდ, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არამედ ჩვენც ყოველდღიურად ვხედავთ და განვიცდით იმ ტანჯვას, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა განიცდის… და თან ეს გვახსენებს 2008 წლის ომისდროინდელ ჩვენს გამოცდლებას.
დღესაც, როდესაც მედია უდიდეს ყურადღებას უთმობს მებრძოლ კაცებს და მათ გმირობას, არ უნდა დაგვავიწყდეს ქალები, როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ისე თავშესაფრებში, სარდაფებში, დაბომბვის დროს. მითუმეტეს რომ ამ ქალებს უწევთ ანუგეშონ ბავშვები, მოხუცები.. ისინი გარბიან ალყაში მყოფი ქალაქებიდან და უწევთ იზრუნონ იმ ადამიანებზე, რომლებიც მათზე არიან დამოკიდებული… ჩემთვის ეს ემოციური პასუხისმგებლობა უფრო მძიმეა.
ომის შემდგომი რეალობა: ქალი-ემოციური ნაგავსაყრელი
თამარ მამულაშვილი: მეც მინდა გავაკეთო კომენტარი ამ საკითხზე. შენ ახსენე 2008 წლის ომი, რომელზეც შევჩერდები. მამაჩემი არის ამ ომის მონაწილე. მე მაშინ 15 წლის, ჩემს პატარა ძმასთან ერთად სოფელში ვიყავი. მახსოვს დედაჩემის ხმა, რომელსაც ვერ ვცნობდი. რომელიც თბილისში იყო მარტო და დადგა ასეთი გამოწვევის წინაშე, რომ არ იცის ცოცხალი დაბრუნდება თუ არა მისი ქმარი და ყოველ დარეკვაზე ჩვენ უნდა მოგვცეს იმედი, რომელიც თავად საიდან ჰქონდა, ვერ ვხვდები…
საომარი მოქმედებების შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველასთვის იყო უმძიმესი და აქ არ ვაპირებ სპეციფიკურად დედაჩემის ან მამაჩემის ტანჯვა შევადარო, ან განვიხილო. მაგრამ მინდა აღვნიშნო ომის შემგომი პერიოდი. დაახლოებით 6 თვე ჩვენი ცხოვრება ჩვენი ცხოვრება აღარ იყო, იმიტომ რომ, ომიდან ჩამოსული მამაჩემი.. არასოდეს მსგავსი არ გვინახავს, მაშინ როგორიც იყო. ძალიან რთული იყო მისთვის… და დედაჩემი იყო რამოდენიმე თვე ჩვენთვის დედაც და მამაც.. და მარჩენალიც და იმედიც და ყველაფერიც. ჩვენი საჭიროებების გარდა, მას უწევდა მამაჩემის ემოციური საჭიროებები გაეთვალისწინებინა…
არსებობს ასეთი ფენომენი „ტრავმის გადაცემა“ ტრავმის გენერაცია, როდესაც უსმენ იმ ადამიანს, რომელმაც ეს ტრავმა გამოსცადა და შენც მონაწილე ხდები.. ეს არის დასაბუთებული ფსიქიკური მდგომარეობა, ფენომენი და მეტწილად ამასაც განიცდიან ქალები.. ოჯახები..
ქალებს, აქაც როგორც ყველგან, ყველას გადარჩენის მისია აქვთ: ყველასი, ანუ შვილების, რომ დაიცვან ამ ტრავმისგან, ქმრები- რომ ომის ტრავმების მოშუშებაში დაეხმარონ, ძმები, ან/და მამები.. და საბოლოოდ, არც აქ და არც „მშვიდობაში“ არასდროს რჩება დრო საკუთარი ემოციური საჭიროებებისთვის… რა გამოდის, რომ ქალი არის ყველას ემოციების მიმღები, გადამამუშავებელი… და თავად საიდანღაც უნდა აღიდგინოს ძალები… რეალურად, ომი არ მთავრდება ბრძოლის ველზე… ქალებისთვის ომი გრძელდება კიდევ ბევრი წელი…
ნინო ტურიაშვილი: კი, როდესაც ამბობდი, რომ ომი არ მთავრდება ბრძოლის ველზე, მეც გამახსენდა ახლახან უკრაინაში მომხდარი ამბავი, როდესაც უკრაინელმა დედამ მისცა ინტერვიუ BBC-ის, როდესაც დედას ერთი შვილი თვალწინ მოუკლეს და 1 წლის ბავშვი ჰყავდა გადასარჩენი… ის გადავიდა მანქანიდან და ტყვედ ჩავარდა… ამ დროს ქალებს ალბათ მეათე პლანზე გადააქვთ თავიანთი ემოციები, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა… წარმოუდგენელია, რომ უყურო ერთი შვილის სიკვდილს და მაინც შეძლო ზრუნვის უდიდესი გამოვლინება – იპოვო ძალა და გადაარჩინო მეორე… მე მგონია, რომ ეს ომი როდესაც დასრულდება, მორჩება აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით, თუმცა ეს ქალი მთელი ცხოვრება გააგრძელებს ბრძოლას ამ ომის მოგონებებთან…
ტენდენციები ომის რიტორიკასა და დანაშაულებზე
თამო მამულაშვილი: ჩემთვის სამწუხარო ტენდენციაზე მინდა ვისაუბროთ, რომ რაღაცნაირად ომის დანაშაულების ნორმალიზება ხდება. ომს ახასიათებს სიკვდილიანობა, გაუპატიურებები… რაღაცნაირად ამ ქალების ტრავმის უგულებელყოფა ხდება…
2014 წლის ლაიფციგის უნივერსიტეტის კვლევა გვიყვება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ქალებზე. ახლა უკვე 70+ ასაკის ქალებზე, რომლემბაც გამოსცადეს ომის ტრავმა საკუთარ თავზე და ქალების, რომლემბაც გამოსცადეს ომის ტრავმა და დამატებით სექსუალური ძალადობა.
მონაწილეთა 80.9% რომელმაც გამოსცადა სექსუალური ძალადობა, აღნიშნეს, რომ ცხოვრების მანძილზე მუდმივად ჰქონდათ სექსუალური სახის პრობლემები და მათთვის დღემდე ტრავმულია ომის მოგონებები. ომი, რომელიც დასრულდა 1945 წელს, მისი მონაწილე ქალები 2014 წელსაც კი განიცდიან ომის დანაშაულებს, შედეგებს საკუთარ თავზე…
ამ პირობებში, რასაც ქალები განიცდიან, ცოტა უხერხულიც კი მგონია ომისთვის დამახასიათებელი ის რიტორიკა და იმის თქმა, რომ ქალები მშიშრები არიან, ქალები გარბიან… ქალები სამზარეულოდან არ გამოსულან…
ნინო ტურიაშვილი: კაცების დაწყებულ ომში … რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ უკრაინელ კაცებს, რომლებიც იცავენ. მაგრამ მაინც კაცების დაწყებულ ომში, სადაც კაცები იბრძვიან და დასრულების შემდეგ გმირები ხდებიან, აი, რას წერს ალექსიევიჩი იმაზე, რომ მშვიდობაშიც არ იცვლება საზოგადოება და ის უსმენს მხოლოდ კაცებს… ესეც მორიგი ისტორია წიგნიდან: „ერთ ოჯახში ვიყავი… ცოლ-ქმარი ორივე იბრძოდა. ერთმანეთი ფრონტზე გაიცნეს და იქვე იქორწინეს… ქმარი მეტყვიამფრქვევე ყოფილა და ცოლი – მეკავშირე. ჩემი მისვლისთანავე კაცმა ცოლი სამზარეულოში გაგზავნა, რამე მოგვიმზადეო. უკვე ჩაიდანიც წამოდუღდა, ბუტერბროდებიც დაჭრილია, ქალი გვერდით ჩამოგვიჯდა, ქმარმა კი ისევ წამოაყენა: „მარწყვი სადღაა? ჩვენი აგარაკის ნობათი?“ ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ უხალისოდ დაუთმო ადგილი, თან დაარიგა: „როგორც გასწავლე, ისე მოჰყევი. ცრემლისა და ქალური წვრილმანების გარეშე: როგორ გინდოდა გაპრანჭვა და როგორ ტიროდი, ნაწნავი რომ შეგაჭრეს“. მერე ქალმა ჩურჩულით გამანდო: „მთელი ღამე „დიდი სამამულო ომის ისტორიას“ მაკითხებდა. ეშინოდა, ახლაც ეშინია, ვაითუ რაღაც არასწორად გავიხსენო“.
თამარ მამულაშვილი: აი, ეს ქალი, რომელიც უშუალოდ ომის მონაწილეა, აი მართლა არ მჯდარა „კუხნაში“ როგორ ხშირად აკრიტიკებენ ქალებს.. საერთოდ ომის რიტორიკა ძალიან აიტაცა ჩვენმა „ბაბლმაც“. ერთია, რადიკალური მემარჯვენეები, რომლებიც ქალისგან საერთოდ ხმის ამოღებას ეწინააღმდეგებიან, მეორეა, ეს პროგრესული განათლებული კაცები, თავს რომ ფემინისტს უწოდებენ, მსჯელობაში გამოურევენ-ხოლმე, „ქალებმა რა იციან საერთოდ, ქალები გარბიან“ და განიხილავენ სტრატეგიებს..
ერთ-ერთი ნიუსი იყო, უკრაინიდან გაქცეულ კაცებს რომ მესაზღვრეებმა ყვავილები აჩუქეს…
ნინო ტურიაშვილი: ეგ კაცებს აჩუქეს, გაქცეულ კაცებს გადასცეს.
თამარ მამულაშვილი: კი… ამ ნიუსის მრავალმხრივ პრობლემურობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ მე მინდა ყურადღება გავამახვილო , რომ ამ ქალებს უწოდებენ გაქცეულებს. ეს ქალები სინამდვილეში კი არ გარბიან… რუსების კი არ ეშინიათ. უამრავი უკრაინელი ქალი იბრძვის არმიაში… საერთოდ არაფრის არ ეშინიათ ამ ქალებს… შიშის გამო კი არ გარბიან, სხვა ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად მიდიან, საკუთარი და სხვების დაობლებული შვილები მიჰყავთ გადასარჩენად, მოხუცები და ცხოველები…
ამაზე დიდი გმირობა რა უნდა იყოს, რომ ერთი მხრივ, დაიცვა შენი ქვეყანა ბოროტების იმპერიისგან და მეორე მხრივ შენი ქვეყნის მოქალაქეები გადაარჩინო… ყველაზე გულისამაჩუყებელი ის არის, რომ საკუთარი შვილები ცხვირწინ ეხოცებათ და სხვისი დაობლებული შვილები მიჰყავთ ამ ქალებს გადასარჩენად და წარმოუდგენელია ჩემთვის მათ როგორ უწოდებს ვინმე გაქცეულს, ლაჩარს და „კუხნაში მჯდომს“…
ნინო ტურიაშვილი: მეც ამ საუბარში გავაანალიზე, რომ მესაზღვრეები კაცებს ყვავილების ჩუქებით „წარმოაჩენენ ქალებად, მაშინ როცა ამ ომის უდიდესი გმირები სწორედ ქალები არიან… და მადლობა ამისთვის.
გამარჯვებულების დანაშაულები: აბორტი – ქალის სხეული და კაცების შექმნილი ქალის ჯანდაცვის პოლიტიკა
თამარ მამულაშვილი: საერთოდ, ისტორიას ახასიათებს გამარჯვებულების ისტორიების ხელახლა დაწერა და გამარჯვებულებისთვის ყველაფრის პატიება… ძალიან არ შეგაწყენთ თავს კვლევებით, მაგრამ არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, კვლევები რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულების შედეგად, გაუპატიურების შედეგად ჩაისახა და დაიბადა მთელი თაობა. ცალკე საკითხია მათი მენტალური პრობლემები. მაგრამ ამ ომში გერმანია კი არ დამარცხდა, პირველ რიგში, პასუხი აგეს ქალებმა, საკუთარი სხეულით. მათ მოუწიათ რომ საკუთარი სხეულით ერთჯერადი ძალადობის აქტი კი არ გამოეცადათ, არამედ შემდეგ ბავშვი გაეჩინათ და მთელი ცხოვრება ეყურებინათ ამ საშინელი დანაშაულის შედეგად გაჩენილი ადამიანებისთვის. მინდა კარგად დავფიქრდეთ, რომ ქალები არიან ომის პირველი და ბოლო მსხვერპლები… რადგან ომის დამთავრებიდან 50 წლის შემდეგ, შეიძლება ზოგიერთი ქალი ისევ იმ ტრავმებს უმკლავდებოდეს…
ნინო ტურიაშვილი: პოლონეთში ახლა გვაქვს მსგავსი მდგომარეობა, ქვეყანაში, რომელშიც მიიღეს კანონი აბორტის წინააღმდეგ. წარმოიდგინეთ, ახლა უკრაინიდან დევნილი ქალების მდგომარეობა, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, ზრუნავენ სხვებზე, ამავდროულად კი, დაფეხმძიმებულები არიან მტრების მიერ და ლტოლვილად არიან ქვეყანაში, რომელშიც აკრძალულია აბორტის გაკეთება. მათაც, თითქოს ხელახლა უწევთ გერმანელი ქალების გზის გავლა.
თამარ მამულაშვილი: ჩვენი მიზანი იყო, რომ მოგვესმინა ომის ქალური მხარისთვის. ამისთვის ჩვენზე ადრე იზრუნა სვეტლანა ალექსიევიჩმა და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით დაწერა ეს უმძიმესი წიგნი. თუმცა ახლა უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე, მინდა წაგიკითხოთ უკრაინელი გოგოს მონათხრობი, რომ თვალი გავუსწოროთ ომის ქალურ რეალობას:
16 წლის კაწია ჰყვება: „იცით, როგორია ტკივილის შეგრძნება? მე ერთ დროს ბიჭი შემიყვარდა, მას კი არ ვუყვარდი. მეგონა, რომ ეს მტკივნეულია. აღმოჩნდა, რომ მტკივნეულია, როცა დედა შენ თვალწინ კვდება. ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები.“
ნინო ტურიაშვილი: სხვათა შორის, ალექსიევიჩი ამ ისტორიების მოსმენისას ამბობს, რომ მისი სურვილი იქნებოდა, ისეთი წიგნის დაწერა, რომლის წაკითხვის შემდეგ ომის სურვილი გენერლებსაც კი აღარ ექნებოდათ.
ისევ ალექსიევიჩი: „ჩემს მეგობარ კაცებს (ქალებისაგან განსხვავებით) ასეთი „ქალური“ ლოგიკა თავზარს სცემთ. კვლავაც „მამაკაცური“ არგუმენტი მესმის: შენ ომში არ ყოფილხარო“.
თამარ მამულაშვილი: მადლობა, რომ გვისმინეთ. შემდეგ პოდკასტში მე და ნინო შევეცდებით, ომის დროს გამოყენებული ლექსიკის თავმოყრასა და გაანალიზებას. მოვისმენთ სხვების მოსაზრებებსაც და შევეცდებით ავხსნათ, რატომ არ აქვს ომს ქალის სახე.