ენმ პარტიის თავმჯდომარედ მარგველაშვილის დანიშვნაზე: არ ვადასტურებთ

პუბლიკა

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენმ-ის თავმჯდომარედ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი განიხილება, პარტიაში უარყოფენ.

თავდაპირველად ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება.

როგორც „პუბლიკას“ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ უთხრეს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს გადაწყვეტილებას არ ადასტურებენ.

მოგვიანებით ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მისი თქმით, ეს არის „მოგონილი ამბავი“ და ისიც უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.