ენმ უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას პარლამენტში დაარეგისტრირებს

პუბლიკა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ენმ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების შესახებ დადგენილებას არეგისტრირებს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ, როდესაც არაერთმა ევროპულმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკვე აღიარებითი გენოციდის თაობაზე უკრაინაში, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არიან დახვრეტილი ადამიანები, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ასაკოვანი ხალხი, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას, გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში.

ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, ასევე შალვა პაპუაშვილისთვის. ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – ან კი, ან – არა. ან ნანახმა დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად გენოციდია, ან ისინი ამას უარყოფენ; ან ისინი დგებიან ევტუშენკოების გვერდზე, ან დგებიან დანარჩენი, თავისუფალი სამყაროს მხარეს“,- განაცხადა მელიამ.