უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ინიციატივა აქვს.
„9 ქართველი გმირი შეეწირა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლა ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა და თუ ვინმესთან ახლა ვალში არის ქართული სახელმწიფო, არის სწორედ ამ თავდადებულ ადამიანებთან.
სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს წარვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას საქართველოს კანონში „ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“.
ამ ცვლილების მიხედვით უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებმა უნდა ისარგებლონ იმავე სოციალური დაცვის პაკეტით, რითაც სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლის ოჯახები”, – განაცხადა ანი წითლიძემ.
მისი თქმით, ეს გულისხმობს ერთჯერად დახმარებას 100 000 ლარის ოდენობით და სხვა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებს.
როგორც ანი წითლიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი მუშაობენ ასევე მეორე საკანონმდებლო ინიციატივაზეც, რომელიც გულისხმობს უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის იმავე სტატუსის მინიჭებას, როგორიცაა ომის ვეტერანი, სამშვიდობო მისიებში მონაწილე პირები და ა.შ.