ლინკოლნ მიტჩელის თვალსაზრისი: რატომ აფორიაქებს რუსეთი საქართველოს

პუბლიკა

კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ლექტორი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ავტორი, ლინკოლნ მიტჩელი CNN-ზე აქვეყნებს თვალსაზრისს. ის პანდემიის შემდეგ თბილისში პირველ ვიზიტს  აღწერს და აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ენაზე გაკეთებული წარწერები კედლებზე – „F*ck Putin“, უკრაინის დროშები, სიმბოლიკა მიუთითებს, რომ საქართველოში ძლიერი ანტირუსული განწყობაა.

„აქ ყველგან არის ომის შემახსენებელი ნიშნები. როგორც მითხრეს, დაახლოებით 3 000 ქართველი იბრძვის უკრაინაში – სულ მცირე, 9 მათგანი დაიღუპა. უკვე დაწყებულია საქართველოში რუსეთის სხვაგვარი შემოჭრა – ათასობით რუსი ჩამოვიდა თბილისში მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ზოგიერთი მათგანი აქ შეიძლება ანტიპუტინისტური შეხეულების გამო იყოს, თუმცა, როგორც ქართველი ნაცნობების უმრავლესობამ მითხრა, რუსები აქ იმიტომ არიან, რომ, უბრალოდ, სურდათ, ფულის დახარჯვა შესძლებოდათ“, – აღნიშნავს მიტჩელი.

მიტჩელი ჰყვება, რომ ქართველებსა და რუსებს შორის ურთიერთობა ზოგჯერ საკმაოდ დაძაბულია. როგორც ის აღნიშნავს, საქართველო, არის ქვეყანა, სადაც „რუსეთის შემოჭრა არა აბსტრაქტული შიში, არამედ ბოლოდროინდელი რეალობაა. 2008 წელს ხანმოკლე ომით რუსეთმა გაიმყარა კონტროლი საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდა, როდესაც პუტინმა გადაწყვიტა, რომ მიზანს მიაღწია – ამ ორ რეგიონზე კონტროლის დამყარებასა და საქართველოსთვის რუსეთის ძალის ჩვენებას.

დღეს უკრაინასთან დაკავშირებული ვითარებისგან განსხვავებით, დანარჩენ მსოფლიოს მაშინ არსებითად არაფერი არ მოუმოქმედებია. აქ ზოგიერთი შიშობს, რომ რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში, რეაქცია ისეთივე იქნება. სხვებს, ვისაც ვესაუბრე, სჯერათ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად დასავლეთის ერთიანობა და მედგრობა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოზეც გავრცელდება, რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში“.

როგორც მიტჩელი წერს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იგრძნობა მღელვარება რუსეთის კიდევ ერთ შეჭრასთან დაკავშირებით. ის აღნიშნავს, რომ ისედაც მკვეთრად პოლარიზებულ ქვეყანაში ომმა პოლიტიკური დაძაბულობა გაამწვავა. მთავრობასთან დაახლოებული პირები ყურადღებას ამახვილებენ ომის თავიდან არიდების საჭიროებაზე – თუნდაც ეს რუსეთის მიმართ მკაცრ რიტორიკულ ხაზზე უარს ნიშნავდეს. ოპოზიციასთან დაახლოებული რამდენიმე პირი (მათ შორის, დეპუტატები წამყვანი ოპოზიციური პარტიებიდან) აღნიშნავს, რომ სანქციებში მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მიმართ ძალიან შემრიგებლურია.

როგორც ავტორი წერს, დავა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ უკრაინაში მიმდინარე ომს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და გაუარესებული ჯანმრთელობის ფონზე მიმდინარეობს. მიტჩელი აღნიშნავს, რომ სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს, მის პატიმრობაზე დიდი უთანხმოებაა, თუმცა ბრალდებები, როგორც მინიმუმ, საკმაოდ დამაჯერებელია. როგორც ის წერს, სააკაშვილის ცუდი მდგომარეობა და ოპოზიციის ბრალდებები, რომ მთავრობა დავალებებს კრემლისგან იღებს, ომის ფონზე ჩაიკარგა.

„მიუხედავად პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მართებული შეშფოთებისა, რომ ომის ესაკალაცია შესაძლოა, რუსეთისა და ნატოს დაპირისპირებამდე მივიდეს და „მესამე მსოფლიო ომშიც“ გადაიზარდოს, საქართველო არის შეხსენება იმისა, რომ არსებობს სხვა ადგილები, სადაც შეიძლება, ომი გავრცელდეს. ყველაზე დიდი ალბათობით, ასეთი ადგილია საქართველო და მოლდოვა, რომელსაც საქართველოს მსგავსად სურს ევროკავშირში გაწევრება და დნესტრისპირეთის სახელით ცნობილი მისი ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

როგორც ავტორი აღნიშნავს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს შანსი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და ასეთი შესაძლებლობა ქვეყანას ომამდე არ ჰქონია.

„ნაკლებად სავარაუდოა, ნატო და ევროკავშირი საქართველოს ან მოლდოვის ახლო მომავალი იყოს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომი ცვლის საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკურ რეალობას. თუ ომის ესკალაცია არ მოხდა და შემდგომ საქართველოსა და მოლდოვაში არ შეიჭრა რუსეთი, მათთვის ნამდვილად შესაძლებელი შეიძლება იყოს, უფრო გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები ან დააჩქარონ გაჭიანურებული საგარეოპოლიტიკური მიზნების მიღწევა, თუმცა შესაძლებელია ისიც, რომ ისინი რუსეთთან ომში ჩაბმულნი აღმოჩნდნენ, ამ დროს კი გაუგებარი იქნება, ვინ, ან საერთოდ ვინმე თუ დაეხმარება მათ“, – წერს მიტჩელი.