„ოცნება“ კუბილიუსის და იუკნევიჩიენეს ღია წერილს აფასებს

პუბლიკა

„არავითარი განსხვავება არ არის ანდრიუს კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის. რასას და სალომე სამადაშვილს ან ნონა მამულაშვილს შორის“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ღია წერილი შეაფასა.

მისი თქმით, კუბილიუსი და იუკნევიჩიენე „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან.

„კუბილიუსის და რასას განცხადებას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს იგივეა, რაც გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა ხვალ ერთობლივი განცხადება, რომ გააკეთონ…

ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის მეგობრები, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“,- განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარების წერილი შეაფასა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმაც.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში ქართველი ხალხი და ხელისუფლება ცდილობენ, „კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“.

„ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ქართველების აზრი. აი, აქ ბრძანდებიან ქართველები და მათ ჰკითხეთ, რას ფიქრობენ – კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა, რომელის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს.


ევროპარლამენტარები ანდიურს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

წერილის დასაწყისში ნათქვამია, რომ ივნისის ბოლოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია.

ავტორები  წერენ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მოწინავე იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა.

წერილის ავტორები წერენ, რომ ოლიგარქიზაცია და პოლარიზაცია საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა.

წერილის ავტორთა თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის დამოკიდებული საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნებაზე.