რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

პუბლიკა

ევროპარლამენტარები ანდიურს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ.

წერილის დასაწყისში ნათქვამია, რომ ივნისის ბოლოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ და ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია.

„ამ ღია წერილით ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ ქართულ პოლიტიკურ ძალებს და ქართველ ხალხს, რომ არ დარჩნენ იმედგაცრუებულნი იმ შემთხვევაში, თუ შედეგი ნაკლებად ოპტიმისტური იქნება, არამედ გავაერთიანოთ ძალები საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შედეგისთვის“

ავტორები  წერენ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მოწინავე იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული ქვეყანაა.

„თუმცა დღეს ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ჭარბობს წარმოდგენა, რომ საქართველოში ვითარება ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუარესდა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა მთავრობამ სათანადო სამუშაო არ გასწია საიმისოდ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია წინა პლანზე ყოფილიყო. ამან გაართულა ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს მეგობრების მუშაობა“

წერილის ავტორები წერენ, რომ ოლიგარქიზაცია და პოლარიზაცია საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ტიმოშენკოს დაპატიმრებამ. შეიძლება გამოსავალზე დასკვნების გამოტანა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მაღალი დონის მცდელობის მიუხედავად, „შარლ მიშელის“ შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა. მეტიც, მაშინ, როდესაც კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მომზადება, მთავრობისადმი კრიტიკული მედიის მფლობელს მიესაჯა. ამან სურათი კიდევ უფრო დაამძიმა საქართველოში.“ – ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორები წერენ, რომ ევროკომისია შეფასებისას ყოველთვის ითვალისწინებს სრულ სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნასთან დაკავშირებით.

„დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პოლიტიკური კრიტერიუმები დიდი ყურადღებით განიხილება. არსებობს ნათელი ისტორიული მაგალითები, როდესაც განმცხადებელ ქვეყანაში არადემოკრატიული ტენდენციები არა მხოლოდ მკაცრად გააკრიტიკეს, არამედ ევროკავშირში გაწევრება შეჩერდა.“ – ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორთა თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის დამოკიდებული საქართველოს მეგობრების სიტყვით დარწმუნებაზე.

„ეს დამოკიდებულია ნამდვილ ერთგულებასა და საერთო ძალისხმევაზე, რაც უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები თბილისშია და არა ბრიუსელში. თუ ეს ზედმეტად დიდი გამოწვევაა ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები მისი სხვებისთვის გადაცემისთვის, სკამებზე ყველაფრის ფასად ჩაჭიდების ნაცვლად. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე უნდა გამონახონ ძალა, ცალკეულ საკითხებზე მაღლა დადგნენ და ქართველ ხალხს შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია, აჩვენონ სანდო ლიდერშიფი, რაც საჭიროა მსგავსი ამოცანისთვის.

თუ ასე არ მოხდა, ყველაფერი შეიძლება მივიდეს წერტილამდე, როდესაც ქართველ ხალხს მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ რას ირჩევს – ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბიძინა ივანიშვილით და „ქართული ოცნებით“ ქვეყნის სათავეში, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს“, – წერია ღია წერილში.