სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობას.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა. შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.
თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველის“ დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს.
სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.