შსს-მ ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 1 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა,  წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს.

უწყების განცხადებით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა.

გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო.

პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.

კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით”, – წერს შსს.