რუსი ტურისტებისთვის ევროკავშირში გადაადგილების შეზღუდვაზე წამოწყებულ საუბარს და გერმანიის კანცლერის კომენტარს, რომ ომი პუტინმა წამოიწყო და არა რუსეთის რიგითმა მოქალაქეებმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა.
„ეს რუსეთის ომია და არამხოლოდ პუტინის. არა პუტინი, არამედ რუსი სამხედროები მოდიან, რომ დახოცონ, აწამონ და გაანადგურონ. რუსების დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ომს, წაახალისებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინულ ქალაქებზე და უკრაინელთა ხოცვას. მოდით, მაშინ რუსები დატკბნენ რუსეთით“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.
რამდენიმე დღის წინ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ტურისტული გადაადგილება პრივილეგიაა და არა უფლება. ამიტომ კაია კალასმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირის ფარგლებში ტურისტულად გადაადგილება შეეზღუდოთ. ესტონეთმა გუშინ მათ მიერ გაცემული შენგენის ვიზების მქონე რუსებს, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
რუსებისთვის ტურისტული ვიზების შეჩერების მოწოდებით გამოვიდნენ ფინეთისა და ლატვიის ხელისუფლებათა წარმომადგენლებიც.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი არ ეთანხმება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
„ეს არის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში და ამიტომ მიჭირს, მხარი დავუჭირო ამ იდეას“, – თქვა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 აგვისტოს.