ბათუმსა და თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

პუბლიკა

თბილისსა და ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს უკრაინის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები უკრაინის მოქალაქეები არიან.

ბათუმში „ანბანის კოშკთან“ მსვლელობის შემდეგ კონცერტი მიმდინარეობს. აქციაზე შესრულდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, უკრაინის მოქალაქეების მიერ სხვადასხვა საკონცერტო ნომერი, ასევე უჩვენეს ომთან დაკავშირებით კლიპი და მებრძოლთა ვიდეომიმართვები.

აქციაზე შეკრებილებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა მიმართა.

„დღეს უკვე ნახევარი წელია, მიმდინარეობს ომი, რუსეთის ფართომასშტაბიანი, სისხლიანი და სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ და ევროპა უყურებს, როგორ იცავს უკრაინა თავისუფლებას, აბსოლუტურად გულწრფელად აკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ასეთმა ბოროტმა იმპერიამ, რომელიც დღეს რუსეთის ფედერაციაა, აღარ იარსებოს.

ჩვენ ვიცით, რომ მეგობრების გარეშე და თქვენ ჩვენი მეგობრები ხართ, ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით ამ ურდოს, რომელსაც მხოლოდ მთელი მსოფლიოს დასისხლიანება სურს და უნდა დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია, დაუსჯელად დახოცოს ადამიანები, რომელთაც უნდათ დემოკრატიულ გარემოში თავისუფლად ცხოვრება.

გულით გიხდით მადლობას, რომ გვეხმარებით ახლა მთავარი საქმის გაკეთებაში, დავიცვათ ეს სამყარო შავი დღეებისგან, რომლის უკან დგას რუსეთის ფედერაცია.

ერთად ვიყოთ ბოლომდე. დიდი მადლობა თქვენ, რომ გვყავს ასეთი მეგობრები, ასეთი დიდი გულით. უკრაინიდან, გამარჯვებამდე“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

რესპუბლიკის მოედნიდან მსვლობით დაიწყო და პარლამენტთან დასრულდა აქცია თბილისში.

უკრაინის მოქალაქეებმა საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

მსვლელობა ტარდება საერთაშორისო კამპანიის #IndependenceInMyHeart (დამოუკიდებლობა ჩემს გულში) ფარგლებში. ღონისძიება ერთდროულად დაგეგმილია მსოფლიოს 24 ქვეყანაში, 51 ქალაქში.

24 აგვისტოს 6 თვე შესრულდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.