საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ სარჩელის განხილვა დღეს, 21 ოქტომბერს დაიწყო. პლენუმმა მხარეების შუამდგომლობები მოისმინეს.
მოსამართლეების აცილება
პირველი შუამდგომლობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ დააყენა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდივე მოსამართლის აცილება მოითხოვა. სამი მოსამართლის აცილების შუამდგომლობა ჰქონდათ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენლებს.
ანა წითლიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს შემადგენლობა „არ არის არც თავისუფალი და არც სამართლიანი და არ მოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად“. „ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაც კი არის კონსტიტუციის დარღვევა“, – თქვა მან.
წითლიძემ თითოეულ მოსამართლეზე ჩამოთვალა არგუმენტი, რის საფუძველზეც ის აცილებული უნდა იყო საქმის განხილვიდან:
„სერგო მეთოფიშვილი სოლიდარობას უცხადებდა აშშ-ს მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს. ასევე, ის ცდილობდა, გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა შეემოწმებინა.
ევა გოცირიძეს სასამართლოს კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის. ის პრობლემას ვერ ხედავდა აგენტების კანონზეც.
ვასილ როინიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას მთავარი პროკურორის მოადგილე და აჭარის პროკურორი იყო.
გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე გახდა მამამისის გავლენებით, რომელიც ასევე კლანს წარმოადგენს. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ქართულმა ოცნებამ აირჩია.
რევაზ ნადარაიაც კლანს წარმოადგენს. გიორგი მოდებაძე არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა და ის ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია. გიორგი თევდორაშვილიც საკონსტიტუციო სასამართლოში ქართული ოცნების ინტერესებს ატარებს“, – თქვა წითლიძემ.
წითლიძის მიერ სიტყვა „კლანის“ გამოყენებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას პროტესტი მოჰყვა:
„კლანი და ასეთი ტერმინები, გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლის მიმართ – თქვენ უნდა წარმოადგინოთ თქვენი პოზიცია სამართლებრივი დასაბუთებით. ასეთ შეურაცხმყოფელ სიტყვებს სასამართლო არ მიიღებს და მოგვიწევს გადავიდე გაფრთხილებაზე და მომიწევს, დაგატოვებინოთ დარბაზი“, – მიმართა მან წითლიძეს.
რაც შეეხება „ლელოს“ წარმომადგენლების არგუმენტებს, კახი სამხარაძემ იშუამდგომლა ვასილ როინიშვილის, გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის აცილება შემდეგი არგუმენტებით:
კახი სამხარაძის თქმით, ვასილ როინიშვილი პროკურორის სტატუსით მონაწილეობდა როინ შავაძის საქმის განხილვაში, რომელიც „ქართული ოცნების“ სარჩელშია მოხმობილი;
გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა კი შეცვალეს ის მოსამართლეები, რომელთაც სხვადასხვა საქმეზე განსხვავებული აზრები ჰქონდათ – საუბარია გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშზე.
„24 სექტემბერს შეტანილი კონსტიტუციური სარჩელის შემდგომ 3 დღეში დანიშნული 2 ახალი მოსამართლე, შემდეგ ისე დაჩქარებული პროცესი, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, ჩატარებულიყო განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით, საკონსტიტუციო სასამართლომდე ვერც მოვიდა – ისე დაჩქარდა ეს პროცესი, რომ შეუძლებელი გახდა ამ შუამდგომლობის წარმოდგენა. ეს ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ ერთზე – იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მოიპოვა სრული გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე სასურველი გადაწყვეტლების მისაღებად“, – თქვა სამხარაძემ.
პლენუმი აცილების შუამდგომლობაზე სამსჯელოდ გავიდა. დაახლოებით, 42 წუთში მოსამართლეები დარბაზში დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ არ აკმაყოფილებენ შუამდგომლობებს მოსამართლეთა აცილებაზე.
„ენმ-ის შუამდგომლობა აგებული იყო იმაზე, რომ მხარეს არ მოსწონს მოსამართლეთა ბიოგრაფიები, რის გამოც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას, თუმცა რამე ფაქტზე მითითებაც ვერ მოახდინა მხარემ იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები რომელიმე მხარესთან დაკავშირებით ვერ იქნებიან მიუკერძოებელნი.
რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას 3 მოსამართლეთან მიმართებაში – პრაქტიკულად დანიშვნის წესი არ მოსწონთ. ეს წესი მოქმედებს 1995 წლის 24 აგვისტოდან, რაც საქართველოში კონსტიტუციაა. ამ კუთხით რა იყო აცილების საფუძველი, გაუგებარი დარჩა. რაც შეეხება შავაძის საქმეზე მითითებას ვასილ როინიშვილთან მიმართებაში – ბატონი ვასილი მაშინ პროკურორი იყო. ჩვენ შავაძის საქმეს არ ვიხილავთ და მოსამართლის მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება სრულიად საფუძველს მოკლებულია“, – თქვა რევაზ ნადარაიამ.
გახარიას პარტიის საკითხის ცალკე განხილვა
ამის შემდეგ პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დააყენა შუამდგომლობა, რომ პარტიის საქმე სხვა პარტიებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს. სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
რევაზ ნადარაიას თქმით, ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს, სასამართლო ინდივიდუალიზაციის პრინციპს იყენებს. გადაწყვეტილება მიიღება იმის მიხედვით, რაც კონკრეტულ მოპასუხეს მიემართება და არა სხვას. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი მტკიცებულებები კონკრეტული მოპასუხისთვის არ იქნება საკმარისი, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, რომ მისთვის ვერ გამოიტანს ნეგატიურ გადაწყვეტილებას და სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ“.
ნადარაიასვე თქმით, ზოგიერთი გარემოების განხილვა „პრაქტიკულად არსებითი განხილვაში შესვლას ნიშნავდა“, ამიტომ არც ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მოწმეების გამოკითხვის საკითხი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ დააყენა შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის გამოკითხვის შესახებ.
წითლიძემ ჩამოთვალა სარჩელში მოყვანილი არგუმენტები, რომლითაც პარტიების აკრძალვაა დასაბუთებული და თქვა, რომ აქვთ შუამდგომლობა, საქმეს დაერთოს დოკუმენტბი:
„ამ საქმეში არის „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოკლული ადამიანები, „ქართული ოცნება” და კორუფცია, „ქართული ოცნება” და სასამართლო. ასევე სუსის კრებსები, მასობრივი ფარული მოსმენები, ეკლესიის დისკრედიტაცია და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, „ქართული ოცნების” არადემოკრატიული კანონები, პოლიტიკური რევანში, ასევე საერთაშორისო იზოლაცია და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა „ქართული ოცნების” პირობებში. აქ ასევე საუბარი არის 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
რა არის „ქართული ოცნების” მიზანი? რატომ ერჩის საერთოდ „ქართული ოცნება” რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც რუსეთი საერთაშორისო სამართლის აღიარებულია, როგორც ოკუპანტი? აქ არის ასევე ევროსაბჭოს გაფართოების ანგარიში და საქართველოზე შეფასება ამ 14 წლის მანძილზე, რას მიაღწია საქართველომ, ანუ რა იყო 2012 წელში და რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ”. შესაბამისად, ეს არის რეალურად „ქართული ოცნების” სისტემური დანაშაულების 14 წელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს თქვენთვის საინტერესო იქნება, იმიტომ, რომ რეალურად, თუ ვინმემ უნდა აიკრძალოს ამ ქვეყანაში აი ამ არა მხოლოდ ამ დოკუმენტების შესაბამისად, ნამდვილად არის „ქართული ოცნება“, – თქვა მან.
რევაზ ნადარაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ანა წითლიძეს და მხარეებს, „თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან“.
სააკაშვილისა და ხაბეიშვილის მოწმეებად გამოკითხვას არ დაეთანხმნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში. ის, რომ მათ შემხებლობა აქვთ „ენმ-სთან“, ვერ გახდება საფუძველი და მიუხედავად ჩაკითხვისა, ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, რა გარემოებებს წარმოადგენენ ისინი, რაც მხარეებს დაეხმარება მათი პოზიციის დადასტურებაში. ეს შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი“, – თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ ენმ-მ მოითხოვა, საქმეს დაერთოს შემდეგი მტკიცებულებები: „ქართული ოცნების” მმართველობის დროს მოკლული ადამიანები, „ქართული ოცნება” და კორუფცია, „ქართული ოცნება” და სასამართლო. ასევე სუს-ის კრებსები, მასობრივი ფარული მოსმენები, ეკლესიის დისკრედიტაცია და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, „ქართული ოცნების” არადემოკრატიული კანონები, პოლიტიკური რევანში, ასევე საერთაშორისო იზოლაცია და ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა „ქართული ოცნების” პირობებში“.
მოსამართლე ევა გოცირიძემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:
„სულ ყველაფერი სიმართლეც რომ ეწეროს ამ დოკუმენტში, ამ პროცესის ფარგლებში ეს მტკიცებულება არ არის და ვერ განვიხილავთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიხილავთ „ქართული ოცნების“, როგორც პარტიის კონსტიტუციურობის საკითხს. თუ განვიხილავდით, დავარღვევდით კონსტიტუციას. სულ ყველაფერი სიმართლე რომ ეწეროს ამ დოკუმენტში, ჩვენ ვერ შევალთ მის განხილვაში ამ კონსტიტუციური საჩელის ფარგლებში“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ დააყენა შუამდგომლობა, სხდომაზე მოწმედ მოიყვანონ ბიძინა ივანიშვილი. დეკანოიძის თქმით, ივანიშვილი არია „ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიმღები“
რევაზ ნადარაიამ მას მოუწოდა, „პოლიტიკურ ჭრილში ნუ ილაპარაკებს და თუ პოლიტიკურ განცხადებებს გააგრძელებს, იძულებული იქნება, შეაწყვეტინოს“.
საბოლოოდ, ნადარაიამ დეკანოიძე გააძევა როგორც სასამართლოს სხდომის დარბაზიდან, ისე – მთლიანად პროცესის მიმდინარეობიდან.
ხატია დეკანოიძის გაძევების შემდეგ ანა წითლიძემ გააგრძელა შუამდგომლობის დაყენება. მისი თქმით, უნდა დაიბარონ ადამიანები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ და მაშინ ენმ-ის ხელისუფლების წევრები იყვნენ.
მან დაასახელა გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ზურაბ პატარიძე, დავით სონღულაშვილი ირაკლი ჩიქოვანი, გეკა გელაძე.
წითლიძის თქმით, „ეს ადამიანები მაშინ მუშაობდნენ სისტემაში და თუ სისტემური დანაშაულების გამო უნდა მიიღონ აკრძალვის გადაწყვეტილება, მოწმედ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მაშინ სისტემას წარმოადგენენ. მონაწილეობდნენ თუ არა ისინი იმ სისტემურ დანაშაულებში, რომლებსაც „ქართული ოცნება“ აბრალებს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ანა წითლიძეს უპასუხეს „ოცნების“ წარმომადგენლებმა. თენგიზ შარმანაშვილის თქმით, მაკა ბოჭორიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დიპლომატი იყო, რაც პარტიული თანამდებობა არაა.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს – „რატომ უნდა მოვიდეს, რა შემხებლობა აქვს ამასთან?“ – აღნიშნა მან.
პლენუმმა არ დააკმაყოფილა ენმ-ის შუამდგომლობა ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავრობის რამდენიმე სხვა წარმომადგენლის მოწმედ დაბარებასთან დაკავშირებით.
„პლენუმმა ვერ დაინახა, საქმესთან დაკავშირებით რას დაადასტურებენ ეს მოწმეები. ზოგადად ის, რომ რაღაც პერიოდში ხალხი საჯარო სამსახურში მუშაობდა და იკავებდა გარკვეულ პოსტს და მას უნდა დაესვა შეკითხვა, ზოგადად რა აზრის არის – არა. მხარემ უნდა დაასაბუთოს ის, თუ რა შემხებლობა აქვს მოწმეს საქმესთან და მოწმის მიერ მიცემულ ჩვენებას საქმესთან დაკავშირებით – რას იტყვის მოწმე და რა გარემოებებს დააკავშირებს, რაც მის პოზიციას ემთხვევა. ცნობისმოყვარეობა და ინტერესი ვერ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი“, – თქვა რევაზ ნადარაიამ.
წულუკიანის კომისიის დასკვნა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მოითხოვა თეა წულუკიანის კომისიის მასალების ამოღება მტკიცებულებათა სიიდან.
კონკრეტულად, გვარამიას თქმით, საქმე შეეხება: მოსარჩელის მიერ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად წარდგენილი შემდეგ მასალებს:
1. თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა
2. პარლამენტის 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ამ კომისიის შედეგები შეჯამდა.
3. კონსტიტუციური სარჩელის ყველა ის ფაქტობრივი მტკიცება, რომელიც მხოლოდ ზემოაღნიშნულ მასალებზე მითითებით არის დადასტურებული, კერძოდ, სარჩელში 9-ჯერ გამეორებული ფორმულით: ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი ფაქტებითა და მტკიცებულებით, ასევე სხვა სათანადო წყაროებით. „ეს წყაროები არსად მითითებული არ არის და ჩვენთვის უცნობია, რა არის ეს წყაროები“, – თქვა გვარამიამ.
გვარამიამ მოითხოვა ამ დადგენილების მტკიცებულებათა სიიდან ამოღება, როგორც არასათანადოდ მოპოვებული მტკიცებულების.
„ჩვენ არ მოვითხოვთ ამ დადგენილების კონსტიტუციურობის შემოწმებას. ამ აქტების ბედი არ არის ამ სამართალწარმოების საგანი. შუამდგომლობა ეხება მხოლოდ იმას, შეიძლება თუ არა, ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალა ამ საქმეში მტკიცებულებად იქნას გამოყენებული და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს ამ მასალას“, – თქვა მან.
გვარამიამ ასევე თქვა, რომ პარლამენტი მიაჩნიათ ანტიკონსტიტუციურად, შესაბამისად, მის მიერ მიღებული ნებისმიერი აქტი ლეგიტიმაციას მოკლებულია.
„შუამდგომლობა ეხება მხოლოდ იმას, შეიძლება თუ არა ამ აქტების საფუძველზე შექმნილი მასალის ამ საქმეში მტკიცებულებად გამოყენება და თუ შეიძლება, რა მტკიცებულებითი სტატუსი აქვს ამ მასალას?
მტკიცებულებების დასაშვებობის შეფასება სასამართლოს ნებისმიერ საქმეში ევალება.
კომისია კონსტიტუციის პრინციპების დარღვევით შეიქმნა და მისი შექმნა სინამდვილეში პოლიტიკური ანგარიშსწორების სქემაა.
კომისიის მასალები დარღვევით იქნა მოპოვებული და იურიდიული ძალა არ აქვს.
ამ სარჩელის 90% არის ამ კომისიის დასკვნა და მასზე დამყარებული დასკვნები, ოღონდ დამყარებული არა ფაქტებზე, არამედ ვიღაცის აღქმებზე ფაქტებთან დაკავშირებით.
სასამართლოს ფუნქციის უზურპაცია არის ის, რა გააკეთა კომისიამ. ადამიანი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი დანაშაული არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
კომისია დანაშაულებრივ ქმედებებს საბოლოოდ დადგენილად აცხადებს. მე არ ვიცი, როგორ დაადგინა წულუკიანმა, შარმანაშვილმა ნებისმიერი რამ საბოლოოდ? ფაქტებს სასამართლო ადგენს და არა კომისია.
ორგანოს, რომელსაც არც იურისდიქცია აქვს, არც მტკიცებულებითი წესები, არც დაცვის უფლების გარანტიას არ იძლევა. ჩვენ აქ ვხედავთ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენებებს, რომლებზეც პასუხი არ აქვს გაცემული სააკაშვილს.
უმაღლესი კონსტიტუციური დაცვა აქვს დანაშაულის დადგენას. კომისიის მასალები კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა, თუნდაც კონსტიტუციით სრული დაცვით შექმნილიყო, არ არის სასამართლო აქტი, არ ქმნის დადგენილი ფაქტების პრეიუდიციას და არ ემყარება მტკიცებულებებით სამართლის წესებს, ეს არის პარლამენტის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტი და სასამართლოსთვის მას არავითარი წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.
ეს დასკვნა არის მოსაზრება მხოლოდ, ვისაც არ უნდა ჰქონდეს დამტკიცებული. მტკიცებულებად ის არ გამოდგება, სამართლებრივი შეფასების ნაწილში რაღაც შეიძლება გაიზიარო, რაღაც – არა. მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე, ეს ფარატინა ქაღალდია“, – განაცხადა გვარამიამ.
გვარამიამ თქვა, რომ თუ მისი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება და წულუკიანის კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა სიაში დარჩება, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დაასაბუთოს, რა მიემართება „ცვლილებების კოალიციას“ და რა – სხვა პარტიებს, ვინაიდან სარჩელში უმეტესად „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“ ნახსენები და არა სათითაოდ პარტიები.
გვარამიას შემდეგ არგუმენტები „ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე წარმოადგინა.
მისი თქმით, „ლელო“ ეთანხმება გვარამიას შუამდგომლობას წულულიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამოღების შესახებ. „ჩვენ თავად გვინდოდა ამ შუამდგომლობის დაყენება“.
სიორიძემ ასევე თქვა, რომ სარჩელში მტკიცებულებებად მოყვანილია პოლიტიკური განცხადებები.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის დასკვნას – მისი სამართლებრივი ბუნება არ არის ნორმატიული – უფრო პოლიტიკური აქტია. ამის შესახებ 2025 წელს იყო გადაწყვეტილება მიღებული პლენუმის მიერ – 35-ე და 36-ე პარაგრაფებია, რომლებიც ამბობენ, რომ ის თავისი ნორმატიული შინაარსის არქონის გამო საერთოდ არ შეიძლება იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი.
ჩვენი შუამდგომლობაც არის, რომ ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნას მტკიცებულებად დაშვებული, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რომელთა გამოც „ქართული ოცნების“ დეპუტატები აპირებენ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში გააქრონ“, – თქვა გიორგი სიორიძემ.
თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამორიცხვა ასევე მოითხოვა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“. ბერდია სიჭინავამ თავისი არგუმენტების ჩამოთვლა დაიწყო, თუმცა მას გააწყვეტინეს იმ არგუმენტით, რომ რასაც ამბობს, „უკვე ითქვა“.
ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ ირღვევა სამართლიანობის პრინციპი.
მისი თქმით, ვინაიდან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქმე „ქართული ოცნების“ სარჩელიდან არ გამოიყო და ცალკე საქმედ არ განიხილება, ყველა მხარეს უნდა ჰქონდს შესაძლებლობა, დაასაბუთოს თავისი შუამდგომლობა, ანუ უნდა მიეცეს არგუმენტის სრულად ჩამოყალიბების საშუალება და არ უნდა გააჩუმონ იმის გამო, რომ მისი არგუმენტი უკვე გაიმეორა სხვა პარტიამ.
მისი ეს პოზიცია გაიზიარა „ცვლილებების კოალიციის“ წარმომადგენელმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა. მისი თქმით, ეს არის პროცედურული სამართლიანობის დარღვევა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. „ეს მიდგომა დაუშვებელია“, – თქვა კოპალეიშვილმა.
„ქართული ოცნება“ არ დაეთანხმა ნიკა გვარამიას მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას, რომლითაც „ცვლილებების კოალიციამ“ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამოღება მოითხოვა.
არჩილ გორდულაძის თქმით, პლენუმმა არ უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობა, რომლითაც მათ მოითხოვეს თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის ამოღება მტკიცებულებათა სიიდან, ვინაიდან ოპოზიციას პრობლემა აქვს იმ ფაქტებთან, რომლებიც დასკვნაშია ნახსენები.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა სისხლის სამათლის დანაშაული ჩაიდინა იმით, რომ არ გამოცხადდნენ კომისიის სხდომაზე“.
„მოპასუხე მხარეს პრობლემა აქვს იმასთან, რომ საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმაციის ცნობა უწევთ. ეს იქნება ფაქტობრივი დადასტურება, მათ შორის, მათივე ამორჩეველთან, რომ დიახ, ლეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმური კომისიის ლეგიტიმური დასკვნაა სააჭირო, რომ განიხილონ ეს საქმე“, – თქვა გორდულაძემ.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარტიების შუამდგომლობა თეა წულუკიანის კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა სიიდან ამოღების შესახებ.
რევაზ ნადარაიას თქმით, მათ აქვთ პრინციპი, რომ „დოკუმენტი, რომლის უკანონობაც დადასტურებული არ არის, ვალიდურია“. მისივე თქმით, „ის, რომ საქმეს ერთვის კომისიის დასკვნა, არ ნიშნავს, რომ მას უპირობოდ დაადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლო“.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მითითებული იყოს სარჩელში, ვის რა მიემართება – რევაზ ნადარაიას თქმით, „საკონსტიტუციო სარჩელი საკმაოდ მწყობრად არის ჩამოყალიბებული“, დეტალების დაზუსტება კი ახსნა-განმარტების ეტაპზე შეიძლება.
რევაზ ნადარაიამ აღნიშნა:
„მხარეებმა ბევრი ილაპარაკეს იმაზე, რომ 2025 წლის 3 სექტემბრის დადგენილება (კომისიის დასკვნა) გასაჩივრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. დაყენებული იყო მისი კონსტიტუციურობის საკითხი. ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო და განჩინებით ეთქვა მხარეს უარი.
ამავდრიულად, ძირითადი გარემოებები, რაზეც მოპასუხე მხარე უთითებს – რომლებიც ეხებოდა პროცედურულ საკითხებს – იდენტური დასაბუთება ჰქონდა იმ საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც განსახილველად არ მიიღეს. შესაბამისად, ამ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი აქვს.
გვაქვს პრინციპი, რომ დოკუმენტი, რომლის უკანონობაც დადასტურებული არ არის, ვალიდურია. თუმცა, ვერავინ ვერ იტყვის, რომ უპირობოდ ეთანხმება ამ დასკვნას, გაიზიარებს. როგორც ითქვა ნახსენები შუამდგომლობის დასაბუთებისას, რომ არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ეს არის შეფასების საგანი. შესაძლებელია, რაღაც გარემოებები სადავო იყოს. ის, რომ საქმის მტკიცებულების სახით ერთვის საკომისიოს დასკვნა, არ ნიშნავს, რომ მას უპირობოდ გაიზიარებს საკონსტიტუციო სასამართლო. ეს მოხდება მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ“.
რევაზ ნადარაიამ ასევე უპასუხა ნიკა გვარამიას არგუმენტს, რომ ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც იკრძალებიან პარტიები და მოყვანილია კომისიის დასკვნაში, წარმოდგენილ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოშიც – მოსამართლის თქმით, „ამას სასამართლო მხარეს ვერ დაავალდებულებს“.
„მხარის მტკიცების ტვირთი არის მისი პოზიციის დადასტურება, მან უნდა ამტკიცოს და მან უნდა წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რაც მას სურს მისი პოზიციის დასადასტურებლად წარმოადგინოს. რა ფორმით წარმოადგენს მტკიცებულებებს, ამას მხარე გადაწყვეტს.
რაც შეეხება იმას, რომ ყველა მტკიცებულება წარმოდგენილ იქნას საკონსტიტუციო სასამართლოში ფიზიკურად, შეიძლება ითქვას, არაგონივრულიც არის. აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობაც ვერ დაკმაყოფილდება“, – თქვა რევაზ ნადარაიამ.
სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ოპოზიციის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის გასაგები უნდა იყოს, სარჩელში მოყვანილი რომელი პასაჟი რომელ მათგანს მიემართება. რევაზ ნადარაიას თქმით, ეს „საკონსტიტუციო სარჩელში სარჩელი საკმაოდ მწყობრად არის ჩამოყალიბებული“, დანარჩენი კი ახსნა-განმარტების ეტაპზე გაირკვევა.
მოსამართლე ევა გოცირიძემ განაცხადა:
„მე მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, რომ როცა იქნება თქვენი განმარტებების წარმოდგენა, ძალიან გთხოვთ, ყველა მოპასუხე მხარემ აღნიშნა და იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა პროტესტი, რა სამდურავი გაგაჩნიათ და რა ფაქტები უნდა შეერაცხოთ შესაბამის პოლიტიკურ პარტიებს; მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები – ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან დანარჩენი ოთხი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა მიემართოს, რადგან ისინი კოალიციაში არიან ან იყვნენ სხვა დროს? ან დღევანდელ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა შეერაცხოს თუ არა, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, გაჭირდება პროცესის ჩატარება“, – თქვა მან.
საბოლოოდ სხდომა კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე ხვალისთვის გადაიდო.
ვინ განიხილავს სარჩელს
21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.
სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომელშიც ამჟამად 7 მოსამართლეა:
- ევა გოცირიძე;
- გიორგი თევდორაშვილი;
- ვასილ როინიშვილი;
- გიორგი მოდებაძე;
- სერგო მეთოფიშვილი;
- გოგა კიკილაშვილი;
- რევაზ ნადარაია.
ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შედგება.
ერთ-ერთმა მათგანმა, მანანა კობახიძემ 13 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა. წინა დღეს, 12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისგან თვითგანრიდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუმადგომლობა არ დააკმაყოფილა. მანანა კობახიძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა.
სერგო მეთოფიშვილმა და გოგა კიკილაშვილმა ჩაანაცვლეს თეიმურაზ ტუღუში და გიორგი კვერენჩხილაძე, რომლებსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.
2025 წლის მარტში, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წლით ადრე სასამართლო დატოვა ხვიჩა კიკილაშვილმა. გოგა კიკილაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მისი შვილია.
ხვიჩა კიკილაშვილის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდა რევაზ ნადარაია, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარედაც აირჩიეს.
რევაზ ნადარაიამ თავმჯდომარის პოსტზე ჩაანაცვლა მერაბ ტურავა, რომელიც საკონსტიტუციოში პარლამენტის კვოტით იყო დანიშნული.
პარლამენტი საკონსტიტუციოში მოსამართლის დანიშვნას ვერ ახერხებს, რადგან ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად სულ მცირე 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ასევე პარლამენტის კვოტით იყო დანიშნული მანანა კობახიძეც. საკანონმდებლო ორგანო ვერც მის ჩანაცვლებას შეძლებს.