რა წერია საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების აკრძალვის შესახებ

პუბლიკა

21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პარლამენტის 88 წევრის საკონსტიტუციო სარჩელს სახელწოდებით: „ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ“.

88 დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოსგან მოითხოვს:

  • ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას;
  • ამ პარტიების აკრძალვას;
  • მათი რეგისტრაციის გაუქმებას.

მოსარჩელეთა მტკიცებით, აღნიშნული პარტიების საქმიანობის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.

სარჩელი მიემართება შემდეგ ოპოზიციურ კოალიციებსა და პარტიებს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო-ლელო“, „გახარია საქართველოსთვის“, „ფედერალისტები“. 

საკონსტიტუციო სარჩელი არ შეიცავს პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მოთხოვნას.

ორგანული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის რეგისტრაციიდან 9 თვე აქვს იმისთვის, რომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანოს. პარლამენტმა ბოლო სარჩელი, სადაც ასაკრძალთა სიას „გახარია საქართველოსთვის“ დაამატა, 24 სექტემბერს შეიტანა. შესაბამისად, საკონსტიტუციოსთვის გადაწყვეტილების გამოტანის ბოლო ვადა 24 ივნისია. 

საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ პარტიები არაკონსტიტციურად უნდა გამოცხადდნენ, აიკრძალონ და რეგისტრაცია შეუჩერდეთ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში, რაც კრძალავს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია:

საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა;

  • ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა;
  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
  • ომის ან ძალადობის პროპაგანდა;
  • ეროვნული, ეთნიკური, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება.

სარჩელში „ქართული ოცნებას“ და მასთან აფილირებულ „ხალხის ძალას“ წარმოდგენილი აქვთ შემდეგი არგუმენტები:

წარსულში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები

მოსარჩელეები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2004-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემურ და სისტემატურ დარღვევებში ადანაშაულებენ.

სარჩელში მითითებულია:პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა; მკვლელობებისა და ძალადობის შემთხვევები; ბუტა რობაქიძის მკვლელობის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების მკვლელობებისა და ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეები.

მოსარჩელეები ამ გარემოებების დასადასტურებლად ეყრდნობიან თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სხვა წყაროებს. მათი პოზიციით, ეს არ ყოფილა მხოლოდ ცალკეული დარღვევები – მათ სისტემური ხასიათი ჰქონდათ.

არჩევნების შედეგებისა და არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა

სარჩელის ერთ-ერთი არგუმენტია, რომ ხუთი პოლიტიკური პარტია წლების განმავლობაში უარყოფდა საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული არჩევნების შედეგებს და მათ საფუძველზე არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობას.

მოსარჩელეები მიუთითებენ, მათ შორის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტის მოწოდებებზე; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უარყოფასა და პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობაზე; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბოიკოტსა და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის თავდაპირველ უარყოფაზე; 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე; 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების უარყოფასა და ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაზე.

მოსარჩელეთა მტკიცებით, პარტიების მიერ არჩევნების შედეგების უარყოფა, შემდგომ კი არჩეული მანდატების გამოყენება, აჩვენებს, რომ მათი თავდაპირველი პოზიცია არ იყო განპირობებული არჩევნების შედეგების რეალური სამართლებრივი ხარვეზებით. ისინი ამ ქცევას სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საბოტაჟად აფასებენ.

ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობები

„ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ ამტკიცებენ, რომ ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკურ კრიტიკას არ დასჯერდნენ და გარკვეულ შემთხვევებში კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობებში მონაწილეობდნენ.

ამ კონტექსტში ისინი ასახელებენ:

  • 2019 წლის ივნისში ანტირუსულ აქციას, ე.წ გავრილოვის ღამეს;
  • 2020 წლის ნოემბერში საპროტესტო აქციას ცესკოსთან;
  • 2023 წელს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს;
  • 2024 წლის გაზაფხულის აქციებს, რომლებიც რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა ინიციირებას მოჰყვა, ასევე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებს, როცა მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამ აქციებს „ოცნებამ“ ძალადობით უპასუხა.
  • 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ ფაქტების ერთობლიობა მიუთითებს არა უბრალოდ საპროტესტო აქტივობაზე, არამედ ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის განზრახვაზე.

ხუთი პარტიის ერთიან პოლიტიკურ ძალად მოქმედება

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ხუთი პარტია ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტების ნაცვლად, საერთო მიზნებით მოქმედ ერთიან პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს.

ამის არგუმენტებად სარჩელში მოყვანილია:

  • ოპოზიციური პარტიების ალიანსებისა და საერთო პოლიტიკური პლატფორმების შექმნა;
  • 2024 წლის „ქართული ქარტიის“ გარშემო თანამშრომლობა;
  • 2026 წლის 2 მარტს „ოპოზიციის ალიანსის“ შექმნა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სხვადასხვა პარტიას შორის თანამშრომლობა და ერთობლივი პოლიტიკური გადაწყვეტილებები;
  • პარტიების მიერ არჩევნებისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხებზე საერთო პოზიციების გამოხატვა.

მოსარჩელეთა მტკიცებით, ამ კავშირების მიზანი და შინაარსი აჩვენებს, რომ პარტიები იზიარებენ საერთო პოლიტიკურ მისწრაფებებს და ერთობლივად მოქმედებენ იმ ქმედებებში, რომლებსაც სარჩელი არაკონსტიტუციურად წარმოაჩენს.

სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და საგარეო ზეწოლა

სარჩელის კიდევ ერთი მიმართულებაა მტკიცება, რომ აღნიშნული პარტიები ხელს უწყობდნენ საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლას. ამ კონტექსტში ნახსენებია ევროპარლამენტის და სხვა ორგანიზაციების კრიტიკული რეზოლუციები, „ქართული ოცნების“ წევრებზე სანქციების დაწესების მოთხოვნები, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოწოდებები.

„ოცნების“ და „ხალხის ძალის“ სარჩელის თანახმად, ამ ქმედებების ნაწილი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებია.

ტეროტირული მთლიანობის ხელყოფა 

სარჩელში ამ საკითხს ცალკე თავი ეთმობა – „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“.

„ოცნება“ ბრალდებებს 2 ნაწილად ყოფს:

  • პირველი – 2004–2012 წლები და 2008 წლის ომი.

სარჩელის ავტორების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

სარჩელში ნახსენებია:

  • 2004-2008 წლებში საომარი რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება;
  • 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, რასაც მოსარჩელეები სეპარატისტული სტრუქტურების ირიბ ლეგიტიმაციად აფასებენ;
  • 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა;
  • 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

ამ არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელეებს მოყჰავთ თეა წულუკიანის დასკვნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და 2009 წლის ტალიავინის საერთაშორისო მისიის ანგარიში.

მეორე: 2012 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

მოსარჩელეების მტკიცებით, ხუთი პარტია ცდილობდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ისეთი ფორმით გამწვავებას, რომელსაც შესაძლოა ახალი სამხედრო კონფლიქტი მოჰყოლოდა. ამ კონტექსტში სარჩელში ნათქვამია, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა; ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიცია მოითხოვდა, უკრაინაში საქართველოდან მებრძოლთა გადასაყვანად საერთაშორისო ფრენებზე ნებართვები გაეცა.

ასევე, სარჩელით 88 დეპუტატი: 

გიორგი გახარიას უკავშირებს 2019 წელს ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებას და ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში მძიმე შედეგები გამოიწვია;

ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივისთვის საზიანოდ აფასებს;

ამტკიცებენ, რომ ზემოაღნიშნულმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს საქართველოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ უცხოეთიდან ზეწოლას, რაც, მათი აზრით, ქვეყნის დამოუკიდებლობას აზიანებდა.

სარჩელი დიდწილად ეფუძნება თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას. 

წულუკიანის კომისიას ოფიციალურად ერქვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია“.

კომისიამ იმუშავა 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, დასკვნა კი იმავე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.

სწორედ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაში წერია ციხეებში ძალადობაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე წერია პირადი ცხოვრების ხელყოფაზე – კომისიამ დაასკვნა, რომ „ენმ“ არღვევდა პირადი ცხოვრების უფლებას იმით, რომ აგროვებდა ფარულ ჩანაწერებს. დასკვნაში ასევე საუბარია კორუფციასა და ბიზნესის რეკეტზე, მედიის თავისუფლების ხელყოფაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და რუსეთზე.

მაშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა მოიწონა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო РЕС-მა დაწერა, რომ „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე”.

РЕС-მა ასევე მიუთითა, რომ დოკუმენტის მიხედვით „სააკაშვილს გარე ძალების დახმარების იმედი ჰქონდა და რომ პოლიტიკოსებმა 2008 წელს ომში ჩაითრიეს ქართული არმია”.

დასკვნაში წერია, რომ  „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.