უკრაინის კონტრშეტევამდე ვაშინგტონმა და კიევმა „საბრძოლო თამაშები“ ჩაატარეს

პუბლიკა

CNN-ის ინფორმაციით, სამხრეთის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე, აშშ-მა მტკიცედ ურჩია კიევს, რომ ოპერაცია შეეზღუდა როგორც დასახული მიზნების, ისე გეოგრაფიული არეალის კუთხით, რათა რამდენიმე ფრონტზე ბრძოლის გაშლით ჩიხში არ აღმოჩენილიყო. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ამის შესახებ მათთან ამერიკელი ოფიციალური პირები და უკრაინული წყაროები საუბრობენ.

როგორც CNN წერს, ვაშინგტონსა და კიევს შორის ამ საკითხებზე დისკუსიისას „საბრძოლო თამაშებიც“ გამოიყენეს, ანალიტიკური სამეთაურო სწავლებები, რომლითაც უნდა გამოეკვლიათ, შეიარაღებული ძალების რა რაოდენობის მობილიზაცია იყო საჭირო სხვადასხვა სცენარში წარმატების მისაღწევად.

CNN წერს, რომ უკრაინელები თავდაპირველად უფრო ფართო კონტრშეტევაზე ფიქრობდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფოკუსი სამხრეთით, ხერსონის რეგიონზე გააკეთეს.

პენტაგონის პრესსპიკერი, ბრიგადის გენერალი პეტ რაიდერი ამბობს, რომ აშშ სხვადასხვა დონეზე სამხედრო საკითხების შესახებ უკრაინას მუდმივად ესაუბრება.

„ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარს, კონკრეტულად რა სახის ჩართულობა გვაქვს. ზოგადად, ჩვენ ვაწვდით უკრაინას ინფორმაციას, რათა დავეხმაროთ მათ, რომ უკეთ გაიგონ, რა ტიპის საფრთხეებთან უწევთ გამკლავება რუსული აგრესიისგან თავიანთი ქვეყნის დასაცავად. თუმცა სამხედრო ოპერაციების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინელები იღებენ“, – ამბობს პეტ რაიდერი.