ხარკივის მიმართულებით ბოლო 3 დღეში 50 კილომეტრით წავიწიეთ წინ - უკრაინა

პუბლიკა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკივის მიმართულებით წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად უკრაინულმა ძალებმა 3 დღეში 50 კილომეტრით წაიწიეს წინ.

გენერალური შტაბი წერს, რომ რუსული არმია ამ მიმართულებით მძიმე დანაკარგებს განიცდის.

„ოკუპანტები დაჭრილი და დაშავებული პერსონალის, ასევე დაზიანებული სამხედრო ტექნიკის გაყვანას ვილხუვატკასა და ბოროდიარსკეს დასახლებებისკენ ცდილობენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სამოქალაქო ტანსაცმლით დეზერტირობისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადასვლის მცდელობაც აქვთ. გასული დღის განმავლობაში 15 ასეთი შემთხვევა დავაფიქსირეთ“, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი.

ასევე, გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინის არტილერია და სარაკეტო ძალები განაგრძობენ დავალებების შესრულებას მოწინააღმდეგის სამეთაურო შტატებებისა და ლოგისტიკური მხარდაჭერის, ასევე მტრის შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის გასანადგურებლად. აქტიურად მოქმედებს უკრაინული ავიაციაც.

„გასული დღის განმავლობაში ჩვენი სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად საჰაერო ძალებმა 20-ზე მეტი იერიში მიიტანეს მტრის პოზიციებზე. განადგურდა 2 პონტონური გადასასვლელი, სამხედრო პერსონალის დაჯგუფების 15 ადგილი და საჰაერო თავდაცვის 3 სისტემა. განადგურდა 4 უპილოტო საფრენი აპარატი და Ka-52 ტიპის ვერტმფრენი“, – აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი.

ბოლო ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკივის ოლქში კონტრშეტევის შედეგად ათობით დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა, მათ შორის – ქალაქი ბალაკლია. უკრაინელებმა კონტრშეტევა იზიუმის ჩრდილოეთით წამოიწყეს და სტრატეგიულ ქალაქ კუპიანსკს მიაღწიეს.